მარიამ ვეკუა
25.08.2025

რუსეთის საწვავის ბაზარი კრიზისის ზღვარზეა - ფასები რეკორდულად იზრდება, დეფიციტი უკვე რამდენიმე რეგიონში ფიქსირდება, ხოლო ბენზინგასამართ სადგურებზე ტრეიდერებს გაყიდვების შეზღუდვა უწევთ. სადამდე შეიძლება გამწვავდეს კრიზისი და როგორ აისახება რუსეთის სამხედრო პოტენციალზე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინელები უკვე გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე არიან გადასულები, მაისაიას თქმით, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს ფარული მობილიზაციის გამოცხადება მოუწიოს.

„უკრაინელები გადასულები არიან გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმას და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოყვანას. ამ შემთხვევაში საუბარია ენერგეტიკაზე. შესაძლებელია, რომ ენერგეტიკული სისტემების გათიშვამ რუსეთში სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს - ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ფაქტობრივად, შესაძლებელია დამკვიდრდეს, ასე ვთქვათ, „ომის სინდრომი" და არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს მოუწიოს ფარული მობილიზაციის გამოცხადება."-განაცხადა მაისაიამ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ მოცემულობამ შესაძლოა დიდი გავლენა „საზოგადოების აზრის ფორმირებაზეც მოახდინოს.

„ყველა ვარიანტში, ეს ფარული მობილიზაცია, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირმაც გამოაცხადა, როცა ავღანეთში შეიჭრა 1981 წელს, სადაც მოსახლეობის 30 პროცენტი გაიწვიეს სამხედრო სამსახურისთვის. შესაბამისად, ასეთი რამ შესაძლოა ახლაც მოხდეს, რაც სერიოზულ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე.

ფარული მობილიზაციის შემდეგ, თუ განხორციელდება საყოველთაო მობილიზაცია, რუსეთი მთელი მასით შეეცდება აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობას. შესაბამისად, უკრაინელებმა საკმაოდ სერიოზულად განავითარეს სტრატეგიული დანიშნულების დრონების სისტემები. „-განაცხადა მაისაიამ.

სამხედრო ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა უკრიანელების ახალ შეიარაღებაზეც, ამბობს, რომ ახალი შეირაღებითა და ნავთობობიექტებზე თავდასხმით შესაძლოა საომარი მოქმედებები ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„ახლახან შემატყობინეს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელებს უკვე აქვთ ახალი ოპერატიული ბალისტიკური რაკეტა „ფლამენგო", რომლითაც ენერგოობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. ამ რაკეტას დაახლოებით 3000 კმ რადიუსში შეუძლია მოქმედება, მასა კი 10 ტონამდეა.

საკმაოდ ძლიერი მუხტით, ამან შესაძლებელია საომარი მოქმედებები ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. ასე რომ, ეს უკვე გარკვეულწილად წარმოაჩენს უკრაინელების მიერ ოპერატიული სამხედრო ინიციატივების ხელში აღების წინაპირობას."-განაცხადა მაისაიამ.

რა ხდება რუსეთის ბაზარზე

რუსეთის საწვავის ბაზარი კრიზისის ზღვარზეა - ფასები რეკორდულად იზრდება, დეფიციტი უკვე რამდენიმე რეგიონში ფიქსირდება, ხოლო ბენზინგასამართ სადგურებზე ტრეიდერებს გაყიდვების შეზღუდვა უწევთ.

რუსეთის სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს და ბენზინგასამართ სადგურებზე საცალო ფასების ზრდის ტემპი ინფლაციას უსწრებს.აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის რეგიონებსა და ყირიმში, ასევე იმიერბაიკალეთის რეგიონში და პრიმორიეს მხარეში საწვავის მწვავე დეფიციტია.

აღსანიშავია, ისიც, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტრეიდერებს საწვავის ბენზინგასამართ სადგურებზე გაყიდვების შეზღუდვა უწევთ. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი 25 აგვისტოს ქვეყნის უდიდესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს, რათა საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება განიხილოს.

„როსსტატის" მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების ბენზინის ღირებულება 5.7%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება იმავე პერიოდის ქვეყანაში საშუალო ინფლაციას, რომელიც 4.2%-ის ფარგლებში შენარჩუნდა. აგვისტოს ბოლოს ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 61.7 რუბლს შეადგენდა: AI-92-ის ტარიფი გაიზარდა 58.5-მდე, AI-95-ის 63.9-მდე, ხოლო AI-98-ის 84.7 რუბლამდე ლიტრზე. დიზელის საწვავის ღირებულება ამჟამად ლიტრზე 71.45 რუბლს შეადგენს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ ორ კვირაში უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარებისკენ პროგრესი არ იქნება, რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

მისივე თქმით, რომ რუსული ნავთობის შესყიდვების გამო შესაძლოა ინდოეთიც მკაცრი ტარიფების ქვეშ მოექცეს.

შეგახსენებთ, რუსი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინამ, რომელმაც ომის დროს მიზანში არაერთხელ ამოიღო რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა, კვირას დრონებით თავდასხმა განახორციელა, რამაც უსტ-ლუგას საწვავის ექსპორტის ტერმინალზე უზარმაზარი ხანძარი გამოიწვია.

გარდა ამისა, რუსეთის ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი ოთხი დღე გაგრძელდა და ს კერების ლიკვიდაცია ვერ ხერხდებოდა.

აღნიშნული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა საწვავს ძირითადად ექსპორტისთვის ყიდის და მისი წლიური სიმძლავრე 5 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობია, ანუ დაახლოებით 100,000 ბარელი დღეში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×