
უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზების პროცესი ჩაშლის ზღვარზეა და ეს ფაქტიურად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ირიბად დაადასტურა პარასკევს გაკეთებული განცხადებით. იგი რუსეთსა და უკრაინას ორკვირიან ვადას აძლევს, რის შემდეგაც ან მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, ან საერთოდ ჩამოსცილდება პროცესებს და იტყვის - „ეს თქვენი ომია".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი სამშვიდობო პროცესში პროგრესის მისაღწევად გარკვეულ დედლაინს აწესებს. ივლისის ბოლოს მან ულტიმატუმიც კი წაუყენა რუსეთს, რომ თუკი 8 აგვისტომდე რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდა, სანქციებს დაუწესებდა. ვადა ამოიწურა, თუმცა ცეცლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ შედგა.
ამის გაგრძელება იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიპატიჟება ალასკაზე, სადაც მას წითელი ხალიჩა გაუშალეს და ტრამპი-პუტინის მოლაპარაკება. ამას შემდეგ უკვე მოყვა 18 აგვისტოს შეხვედრა ვაშინგტონში, როდესაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლა.
ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების შეხვედრაზე, თუმცა რაიმე პროგრესი ამ მხრივაც არ არის.
22 აგვისტოს კი ტრამპმა ახალი დედლაინი დააწესა.
მისივე თქმით, ორი კვირის გასვლის შემდეგ მას ექნება „საკმაოდ კარგი წარმოდგენა" როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პოზიციაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„(ორ კვირაში) მგონი რუსეთის და სიმართლე გითხრათ, უკრაინის დამოკიდებულება მეცოდინება. ორია საჭირო. შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ თუ რას ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ეს ან მასშტაბური სანქციებია, ან ტარიფებია, ან ორივე, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით: „ეს თქვენი ბრძოლაა"...
„ვნახავ, ვისი ბრალია. თუ მიზეზები იქნება რატომაც - ამას გავიგებ. ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ. ვნახავთ მათ [ზელენსკისა და პუტინს] შეხვედრა ექნებათ თუ არა, საინტერესო იქნება ამის ნახვა. თუ არა - რატომ არ ჰქონდათ შეხვედრა, ვინაიდან მათ ვუთხარი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. მაგრამ ორ კვირაში მეცოდინება რას გავაკეთებ, საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს ამაზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან პარალელურად ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ვნახავთ, შედგება თუ არა მოლაპარაკება. ძალიან საინტერესო იქნება ამის დანახვა. თუ შეხვედრა არ შედგება, უნდა გავიგო რატომ. მე ვუთხარი, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ", - აღნიშნა ტრამპმა.
ჩამოსცილდა თუ არა ტრამპი მოლაპარაკებებს
დასავლური მედიის ცნობით, ტრამპი დროებით ჩამოცილდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესს და ფიქრობს, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორედ პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა უნდა იყოს.
სხვადასხვა წყაროების თანახმად, ტრამპმა თავის მრჩევლებს ბოლო დღეებში უთხრა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის მოწყობას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც ისინი ერთმანეთს ორმხრივად შეხვდებიან. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი „უოლ სტრიტ ჯორნალთან" საუბრისას თქვა, რომ ტრამპს პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის მოწყობის შესაძლებლობაზე „დავიცადოთ და ვნახოთ მიდგომა" აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში პროგრესის გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა.
„ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი რუს და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ჩართულობას აგრძელებენ ორმხრივი შეხვედრის მისაღწევად, რათა დასრულდეს მკვლელობები და ომი.... ამ საკითხების დამატებით საჯაროდ განხილვა ეროვნულ ინტერესში არ შედის", - წერია თეთრი სახლის მიერ მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეთა პოზიციები
22 აგვისტოს ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ელოდება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას:
„ვნახოთ, იმუშავებენ თუ არა ისინი ერთად. იცით, ეს ზეთი და ძმარივითაა... მირჩევნია, მათ შორის შეხვედრა შედგეს და ვნახოთ, რის გაკეთებას შეძლებენ."
19 აგვისტოს, ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების „პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ „უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს ნახოს, რა მოხდება. მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
შაბათს ამ საკითხზე საინტერესო განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა:
„პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, უკრაინა ბლოკავს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ პროგრესს და რუსეთი დათანხმდა „მოქნილობის" გამოვლენას იმ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრამპმა პუტინთან ალასკაში წამოჭრა.
„როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხები წამოჭრა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ვაშინგტონის აზრით უნდა იქნას მიღებული, მათ შორის უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანება, ტერიტორიული საკითხების განხილვა და ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა", - აღნიშნა ლავროვმა.
კიევში კი აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა შეხვდეს ვლადიმირ პუტინს და ლავროვის მიერ ნახსენები დღის წესრიგის შემუშავების გარეშე განიხილოს ყველა საკითხი.
„როდესაც ტერიტორიულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ის მზად არის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილოს. ტერიტორიულ საკითხებზე საუბრის დაწყების საფუძველი კი ამჟამად არსებული ფრონტის ხაზია", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცამ.
თუმცა, მისი თქმით, „უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება".
ასევე, კისლიცამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ „აშშ-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს".
„მაშინ რუსები ნამდვილად იგრძნობენ ტკივილს იმის გამო, რომ არ სურთ ის გზა გაიარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.