გვანცა წულაია
21.08.2025

საქართველოს გზებზე უამრავი ადამიანი იღუპება. დაუდევრობით, მაღალი სიჩქარით, შეუსაბამო ინფრასტრუქტურით და სხვა მიზეზით ქვეყანაში წლიდან წლამდე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგები უმძიმესია. მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში ავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა. იმისათვის, რომ მსგავსი უბედურება ქვეყანამ თავიდან აიცილოს გამოსავლის პოვნაა აუცილებელი. 

რიგი საკითხებია, რომლის მოგვარებაც ავტოსაგზაო შემთხვევებს ქვეყანას თავიდან ააცილებს.Aამ ნაწილში მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობის, ისე უშუალოდ მძღოლების პასუხისმგებლობა - ხელისუფლების მხრიდან საჭიროა, კანონის გამკაცრება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო მძღოლების მხრიდან შეგნების ამაღლება.

გამოსავლის იმ გზებზე ისაუბრა `ჩემი ქალაქის მკლავს” დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. 

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მძღოლების მხრიდან, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. როდესაც არსებობს დასაშვები სიჩქარე, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბონ. ხშირ შემთხვევაში, მანევრის დროს, სამწუხაროდ, მძღოლი ვეღარ იმორჩილებს საჭეს და ხდება ავარია, ამიტომ აუცილებელია, დასაშვები სიჩქარით სიარული. 

ავტომაგისტრალებზე ხშირია პირუტყვის პრობლება. საქონელი დგას ჩქაროსულ გზებზე და კვეთს სავალ ნაწილს. ეს მძღოლისთვის დიდი მოულოდნელობა და შოკია.

ქალაქის შემთხვევაში არსებობს რიგი ფაქტორები. შეგვიძლია დავიწყოთ ქვეითებიდან, რომლებიც ხშირად გზაზე გადადიან ისეთ ადგილას, სადაც არ არის გადასასვლელი, რის გამოც საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ისე მძღოლებს. ზოგ ადგილებში ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ბზებზე ორმოებია, ჭებს თავი აქვთ ახდილი და ა.შ.

წესების დაცვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანობაში მოგვცემს იმას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება და შესაბამისად, სიკვდილიანობაც. საკითხი ორმხივად დგას, სახელმწიფომ უნდა აღასრულოს კანონი, ხოლო მძღოლებმა, პირველ რიგში, უნდა იცოდნენ ავტომობილის მართვა, წესები, განსაზღვა იმისა, რომ არ წავიდნენ უაზრო რისკზე და ა.შ. 

ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი საკითხია. ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება მოხდეს ახდილი ჭის გამოც, ამიტომ, გზები უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ მძღოლს არ მოუწიოს ფიქრი, გზა ჩავარდნილია თუ არა, გზაზე ქვეითი გადაურბენს თუ არა და ა.შ. დღევანდელ მოცემულობაში მძღოლს სწორედ ამ ყველაფერზე ფიქრი უწევს. ევროპის ქალაქებში ეს ყველაფერი მოწესრიგებულია და მძღოლს მსგავსი საფიქრალიი არ აქვს მანქანის მართვის დროს. 

რა თქმა უნდა, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ვითარება გამოსასწორებელი, მძღოლები უნდა დაემორჩილონ წესებს”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ჯაფარიძემ. 

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. მხოლოდ 2025 წლის იანვარ-ივნისში 2 860 ავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 216 ადამიანი, ხოლო დაშავდა 2 816 (მათგან 79 ქვეითია და 14 ბავშვი).

პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება დარგის სპეციალისტმა ლაშა დარბაისელმა და აღნიშნა, რომ ყველამ ძირეულად უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც უბედურ შემთხვევებს თავიდან აგვაცილებს. 

"გზებს ყურადღება უფრო მეტად უნდა მიექცეს. მხოლოდ სიჩქარის შეზღუდვა საკმარისი არ არის. მხოლოდ ეს ავტოსაგზაო შემთხვევას თავიდან ვერ აგვარიდებს.  

უკეთესი გზები უნდა არსებობს, სიჩქარის შეზღუდვა უნდა იყოს გზასთან შესაბამისობაში და ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო აქტიურად იმუშავებს მოსახლეობასთან, თუნდაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. მათ მხოლოდ ავტოსაგზაო ნიშნები კი არ უნდა ვასწავლოთ, არამედ ახალგაზრდების შეგნება მორალურ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რომ მომავალი მძღოლი შემდეგომში არ გარდაიქმნას პოტენციურ მკვლელად. გასაგებია, რომ სახელწმიფო ყველას ვერ დაუწყებს დევნას, მაგრამ სკოლის ასაკშივე სწავლა მნიშვნელოვანია, თუ რა შედეგი მოჰყვება სისწრაფეს და წესების არ დაცვას. 

საქართველოში ძალიან ბევრი ავტომოყვარულია და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ სწრაფად ივლიან, ესე იგი, კარგად იციან ავტომობილის მართვა და სხვებზე მაგარი მძღოლები გამოვლენ. ასეთი შეგნება შესაცვლელია, რადგან ავტომობილი არ არის `კარგი ტიპობის” საგანი, არამედ არის გადაადგილების საშუალება. კარგი მძღოლი მაშინ ხარ, როდესაც ყველანაირი სირთულიდან ავტოსაგზაო შემთხვევას თავს აარიდებ და არ დაიღუპავ თავს და არც სხვას დაღუპავ. 

შეიძლება 10-15 წელის იყოს საჭირო, რომ ეს ყველაფერი გავაცნობიეროთ, მაგრამ აუცილებელია ამ ყველაფერზე მუშაობა ახლა დავიწყოთ. ყველამ ძირეულად უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და ასეთ შემთხვევაში შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევები”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უბედურება დატრიალდა ორი დღის წინაც. 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთმანეთს ორი შემხვედრი ავტომობილი შეეჯახა. თუმცა ეს არ იყო პირველი ავარია მსხვერპლით, რომელიც სწორედ მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა - 17 ივნისის ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 19 ივნისს - 3 ადამიანი და ა.შ.

როგორც „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ, განაცხადა, ყველა მონაკვეთზე, სადაც 80 კმ/სთ სიჩქარეა დაშვებული, რასაც კიდევ 15 კმ/სთ ემატება, უნდა მოეწყოს გამყოფი ბარიერები, სხვა შემთხვევაში, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება. 

„ზოგადად, ავარიებს 3 ფაქტორი განაპირობებს - გზა, ინფრასტრუქტურა და ადამიანი. რამდენადაც ეფექტიანადაც გაქვს სამივე ამ კომპონენტის კონტროლი და მოწყობა, მით უკეთესია შედეგიც და ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. მეორე მხრივ, როცა პრობლემა სამივე მიმართულებითაა, ცხადია, რომ სერიოზული რისკის ქვეშაა ყველა, ვინც ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე გადაადგილდება.

როცა გზა მძღოლს საშუალებას აძლევს, რომ სიჩქარეს მოუმატოს და გასწრებაც გააკეთოს, უმეტესობა ამას აკეთებს და გახშირებულ შემთხვევებსაც ამიტომ ვიღებთ. სიჩქარის კიდევ უფრო ზუსტად და მკაცრად გაკონტროლება და ჯარიმების ზედმიწევნითი აღსრულებაა აუცილებელი.

უშუალოდ ქობულეთის შემოვლით გზაზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელია, იქ ორ შემხვედრ ზოლს შორის გამყოფი ბარიერები გაკეთდეს, რათა მძღოლს საპირისპირო მიმართულებით გადასვლის საშუალება არ ჰქონდეს.

საერთოდ, ყველა მონაკვეთზე, სადაც 80 კმ/სთ სიჩქარეა დაშვებული, რასაც კიდევ 15 კმ/სთ ემატება, უნდა მოეწყოს გამყოფი ზოლები, სხვა შემთხვევაში, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა და ასეც უნდა იყოს, თორემ, შემთხვევა შემთხვევაა და ყოველთვის რაღაც შეიძლება მოხდეს.ჩვენ რაც შეგვიძლია, ინფრასტრუქტურულად, მძღოლის კონტროლისა და ჯარიმების აღსრულების კუთხით, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ რისკი.

დიდი ხანია ვამბობ, რომ „შავი წერტილების" რუკა უნდა შემუშავდეს, აღირიცხოს, კონკრეტული გეგმა გაიწეროს, რაც პრობლემის კომპლექსურად მოგვარებას შეუწყობს ხელს. ამაზე მუშაობაც დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე რა სიტუაციაა ნამდვილად არ ვიცი. არსებობს თანამედროვე სტანდარტი, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ არსებითად მაინც არაფერი შეცვლილა და შედეგებიც სახეზე გვაქვს.

ასე რომ, სათანადო აღსრულება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სიჩქარის კონტროლი პრობლემის გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია", - განაცხადა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×