
სად შეიძლება შედგეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სავარაუდო ისტორიული შეხვედრა, ჯერ კიდევ უცნობია. უკრაინული მხარე ლოკაციად ნეიტრალურ ევროპას ასახელებს. შედგება თუ არა შეხვედრა და ჩავა თუ არა ევროპაში ვლადიმირ პუტინი, რომელიც ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილადაა გამოცხადებული, ჯერჯერობით, პასუხგაუცემლად რჩება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძეს აზრით ისტორიული შეხევდრის ლოკაცია შესაძლოა იყოს თურქეთი, თუმცა არც საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საემიროებს გამორიცხავს, აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყანაში ვიზიტს არ დათანხმდება.
„შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებული აზრებია. თავიდან გამოჩნდა უნგრეთი, თუმცა, მოგეხსენებათ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორბანის მთავრობა ეწინააღმდეგება საომარ მოქმედებების გაგრძელებას უკრაინაში და, პრინციპში, ზელენსკის მიერ აღიარებულია როგორც ანტი-უკრაინული განწყობის მქონე ქვეყანა. ბუნებრივია, რომ ზელენსკი არ იქნებოდა მოლაპარაკებების აქ ჩატარებაზე თანახმა. რაც შეეხება ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სხვა ალტერნატივებს - ეს არის ავსტრია, შვეიცარია და თურქეთი."
როგორც აბაშიძე აღნიშნავს „იქნება წინაღობა კრემლის მხირდან".
„ვფიქრობ, იქნება წინაღობა კრემლის მხრიდან, თუმცა პუტინისთვის ფორმალურად მისაღებია ანკარა ან სტამბოლი, ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანა. არ უნდა გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი გარემოება: ჰააგის სასამართლომ პუტინი ძებნილად გამოაცხადა.
გასაგებია, რომ დიპლომატიურ სკანდალებს არავინ გამოიწვევს და ხელშეუხებლობის პირობებს არ დაარღვევს, თუმცა პრინციპულად, პოლიტიკურ მნიშვნელობას მოსკოვი მიანიჭებს იმას, რომ პუტინი არ ჩავიდეს ევროპაში, სადაც სანქციებითა და დაპატიმრებით ემუქრებიან. არ არის გამორიცხული საუდის არაბეთი ან გაერთიანებული არაბთა საემიროებიც, ყველაფერს შემდეგი დღეები გვაჩვენებს.
რაც შეეხება შეხვედრას, ბევრისთვის მნიშვნელოვანია, გაიმართება თუ არა იგი მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში. რას ამბობს ტრამპი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსგავსი მოლაპარაკებების მომხრე არიან ზელენსკის უფრო ახლომოკავშირეები ევროპაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი შეხვედრა შედგება, თუმცა, ილუზიაში არავინ უნდა იყოს, რომ პირველი შეხვედრისთანავე გადაწყდება სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.
კითხვაზე, რუსეთის მხრიდან შეხვედრის ჩაშლის შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს ევროპამ და აშშ-მ, გვპასუობს:
„ბოლო დღეების მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების რეალურ გარანტიებზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია. აშშ ამბობს, რომ ჯარს არ გაგზავნის, ამას კი პოლონეთიც და გერმანიაც ავრცელებენ. მაგრამ რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები? ნატოს თვითმფრინავები უკრაინის თავზე? უკრაინის ნაპირებთან დასავლეთ ბლოკის სამხედრო გემები? ვხედავთ, რომ ვერ თანხმდებიან"-განაცხადა გია აბაშიძემ.
რას ამბობს უკრაინული მხარე
უკრაინული მხარე შეხევდრის ადგილად ნეიტრალურ ევროპას განიხილავს.
„რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით. თურქეთი? ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან თურქეთი ნატო-ს წევრია და ევროპის ნაწილია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის მოსკოვში ჩატარება არ შეიძლება.
ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.
„ეს მარტივი არ არის, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უნგრეთიც მზადყოფნაშია
უნგრეთი მზად არის აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
პიტერ სიიარტო Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.
„საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და უსაფრთხო პირობები უზრუნველვყოთ. მოხარული ვიქნებით, თუ სამშვიდობო მცდელობების წარმატებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.