
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უკრაინელების უსაფრთხოების საკითხის "ლომის წილი" ევროპამ უნდა იტვირთოს და შესაბამისად "ამ ნაბიჯის გადადგმა მიუწევთ". თავის მხრივ ცნობილი ხდება, რომ იტალიის თაოსნობით ევროპა უკვე განიხლავს ამ გარანტიებს და კიევსაც სურს, რომ მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი უსაფრთხოების გეგმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამდე.
"ბლუმბერგის" ცნობით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმს განიხილავენ, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ წამოიწყო. გეგმის თანახმად, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში, კიევის მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან, 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხი.
მელონის წინადადებას „მსუბუქი ნატო" უწოდეს, რადგან ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს წააგავს, მაგრამ არ ითვალისწინებს უკრაინის ნატოში ფაქტობრივ წევრობას.
იტალიის პრემიერის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კიევთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, ახალი თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად უნდა შეათანხმონ თავიანთი ქმედებები. საკითხი ეხება უკრაინისთვის სწრაფი თავდაცვის დახმარების, ფინანსური მხარდაჭერის, შეიარაღებული ძალების გაძლიერების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას. ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა გეგმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების პირდაპირ გაგზავნას.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, "30-მდე ქვეყანა მზადაა განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობა, თუმცა ყველა მზად არაა ჯარი შეიყვანოს უკრაინაში".
რაც შეეხება ამერიკის პოზიციას, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, ევროკავშირმა უნდა იტვირთოს უკრაინის უსაფრთხოების ლომის წილი. ამასთან, ვენსი ამბობს, რომ "მოლაპარაკებების მთავარ არსს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ, რუსებს კი გარკვეული ტერიტორიები".
შეუძლია თუ არა ევროპას უკრაინის უსაფრთხოების დაცვა
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე რთული იქნება.
"როგორც ამ სამწლიანმა ომის ეპოპეამ აჩვენა, უკრაინის სამხედრო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ამერიკის გარეშე ძალიან რთული იქნება. ამერიკელების დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპას სამწუხაროდ გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ერთეულ სახელმწიფოებს აქვთ - გერმანია-საფრანგეთი-ბრიტანეთი, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
"ამერიკა გაერთიანებულ ევროპაზე ბევრად წინაა სამხედრო-ტექნოლოგიური განვითარების კუთხით და ფინანსები ამერიკას რომ აქვს, ასეთი ევროპასაც კი შეშურდება. მინდა მოგიყვანოთ მაგალითი, რა მოხდა ამერიკის დახმარების გარეშე. 2022 წელს, როცა ამერიკელებმა უკრაინელებს სამხედრო დახმარება შეუწყვიტეს, რუსებმა სიტუაციის გარდატეხა შეძლეს და უკრაინის წარმატებული შეტევა დავიდა ნულამდე.
"ტრამპის ადმინისტრაციას სურს ამ თამაშის წესიდან გამოვიდეს. ტრამპს მშვიდობისდამცველის როლის მორგება სურს და როგორც ჩანს, როგორც არ უნდა დაუჯდეს ნობელის პრემია მიიღოს და ის უფრო პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომ ის ფული, რაც დახმარებაში მიდის, იმან მოგება მოუტანოს, ის ბიზნესმებია და ყველაფერს ამ კუთხით უყურებს.
"ამასთან, ევროპა აკეთებს იმაზე მეტს უკრაინისთვის, რაც მათ შეუძლიათ, იქ შიდა წინააღმდეგობებიცაა, უგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების სახით, რომლებიც აფერხებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას",-განაცხადა მაისაიამ.
მან ვენსის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც ვენსი ამბობს, რომ მხარეებს თავიანთი მკაცრი მოთხოვნები აქვთ.
"ჯერჯერობით კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ რთულია, ის კი არა, პუტინი კატეგორიულ უარზეა ზელენსკის შეხვდეს და სთავაზობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მაგიდასთან მისი პირადი თანაშემწე უშაკოვი, ან ლავროვი დაუჯდეს. ალბათ ზელენსკიც არ მივა, რადგან ჯერ ერთი ლავროვი არის რადიკალი ქორი, მარიონეტი, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება და მეორეც, რატომ უნდა დაუჯდეს პრეზიდენტი დაბალი რანგის წარმომადგენელს?
"ამ ეტაპზე მხარეებს აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები და მიდგომები აქვთ და კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. ერთი ვარიანტია, თუ ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ უკრაინას რუსეთის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს, ალბათ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლის ფორმებს გამოიყენებს, ასეთ შემთხვევაში, თუ უკრაინელებს ამერიკელების დახმარება არ ექნებათ, რუსეთი ფრინტზე მიაღწევს იმას, რაც უნდა, მთლიან დონბასს დაიკავებენ და ეგ იქნება, რეალური საფრთხე ესაა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპა უსაფრთხოების გარანტიებისთვის როგორც ჩანს მზადაა და ამისთვის ჰიპერაქტიურიც.
"ფაქტია, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ევროპა ამისთვის მზადაა და პირიქით, ჰიპერაქტიურიც კია. მათ მიაჩნიათ, რომ ევროპული უსაფრთხოება არ არსებობს უკრაინის საკითხის გადაწყვეტის გარეშე,
უკრაინის მომავალი განსაზღვრავს არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ, მთლიანად ჩვენი რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას და ეს იმდენად გადაჯაჭვულია, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ამას კარგად აცნობიერებენ.
"სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ევროპის თითქმის ყველა ლიდერი ვაშინგტონში ჩავიდა, მათ არ სურთ უკრაინის საკითხი ევროპის ჩართულობის გარეშე გადაწყდეს. ჩანს, რომ ისინი მზად არიან საკუთარი ჯარიც კი განალაგონ, თუ სამშვიდობი ფორმულა გამოინახება, რომელიც მისაღები იქნება, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის.
ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებიდან პოლიტიკური ნება არის, თუმცა დრო გვიჩვენებს რამდენად არიან წამსვლელები, ჯერ კონკრეტულად არ ჩანს აშშ-ს პოზიცია რა იქნება, ხანდახან საუბარია, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილის აშშ აიღებს, დანარჩენს ევროპა, მაგრამ ამას კონკრეტიკა აკლია, რადგან მოლაპარაკებები ღრმად არ არის შესული",-განაცხადა კაკაჩიამ.
ამბობს, რომ ვენსის მინიშნება, რომ უკრაინას რუსეთის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს, საკითხის გაუბრალოებაა.
"ვფიქობ, ეს საკითხის გაუბრალოებაა, რადგან ეს უკრაინის საკუთარი ტერიტორიებია, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული და უკრაინისთვის ტერიტორიების საკითხი სულერთი არ არის. შეიძლება დღეს უკრაინა მზად არაა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს იტყვის ამაზე.
"ბევრი სცენარი არსებობს, მაგრამ ფაქტია უკრაინისთვის ეს ადვილი საკითხი არ იქნება, ისევე, როგორც რუსეთისთვის არ იქნება, რადგან მას არ წარმოუდგენია უკრაინა ცალკე არსებობდეს და ნატოსა და ევროკავშირის წევრი იყოს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
რას აცხადებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი
ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის ხარჯების დასაფარად ლომის წილის გადახდა ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ.
„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. პრეზიდენტი ნამდვილად ელის, რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა და პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: მათ აქ ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა "ფოქს ნიუს"-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, „რომლის უმეტესი ნაწილიც ოკუპირებული აქვს, მაგრამ ნაწილი - არა".
ვენსი ამბობს, რომ პუტინი რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც თავად აღიქვამს, მოლაპარაკებებში კი მთავარი ისაა, რომ "რუსებს გარკვეული ტეროტირიები სურთ, უკრაინას კი უსაფრთხოების გარანტიები".
„ის უფრო წყნარად საუბრობს, ვიდრე შეიძლება მოელოდეთ. ამერიკულ მედიას მისი კონკრეტული იმიჯი აქვს შექმნილი. ის თავისებურად რბილად მოსაუბრეა. წინდახედული და ძალიან ფრთხილია. ის არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სცემს იგი პატივს აშშ-ის პრეზიდენტს, ის არის, რომ მან იცის, პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის ინტერესებზე ზრუნავს", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, აშშ-მა მოლაპარაკებებში უკრაინისა და რუსეთის პოზიციების შესახებ კონკრეტული დეტალები მიიღო და ახლა მუშაობა მიმდინარეობს.
„საბოლოოდ, დეტალები მივიღეთ. მათზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი ბოლომდე დასრულებული არ არის. უკრაინას სურს იცოდეს, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე აღარ შეიჭრება. უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ. რუსებს გარკვეული ტერიტორიები სურთ, რომელთა დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვთ, მაგრამ ნაწილი არა. სწორედ ეს წარმოადგენს მოლაპარაკებების მთავარ არსს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.