გადასაზიდი ტვირთის ნაწილი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთის მარშრუტს დაუბრუნდება
ქეთო გოგოხია
18.08.2025

რუსეთ-უკრაინის ომი დასრულებისკენ მიდის, რაც არაერთი ქვეყნის სავაჭრ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმოქმედებს და ახალ რელსებზე გადაიყვანს. საქართველოსთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს არსებული შესაძლებლობების შენარჩუნება და ახალი პოტენციალის გამოყენება. მით უმეტეს, ერთ-ერთი საკითხია რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რაც ლოგისტიკის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის. ,,ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა გარკვევას,  რა შეიცვლება რეალურად საქართველოსთვის, შესუსტდება ჩვენი როლი თუ მშვიდობიანობის პერიოდში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება?

სულ ცოტა ხნის წინ  „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საერთაშორისო პროექტებში ალტერნატიული მარშრუტების აუცილებლობასა და ურთიერთშეთავსების (და არა - ჩანაცვლების) საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, ყაზახეთმა დროებით უკან დააბრუნა ექსპორტის ნაწილი რუსეთის ინფრასტრუქტურაში აზერბაიჯანში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო და ეს ხაზს უსვამს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის სირთულეს.

„რამდენიმე დღის წინ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციას ყაზახეთი შეეჯახა: ნავთობი ქლორორგანული ნაერთებით დაბინძურდა, რის გამოც მისი ექსპორტი - ბაქო–თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, შეჩერდა. ამან გამოიწვია ყაზახური ნავთობის დროებითი გადამისამართება რუსულ მარშრუტზე - კასპიის მილსადენის კონსორციუმში, რომელიც გადის რუსეთის სამხრეთით და ნოვოროსიისკის პორტს აღწევს", - აღნიშნა ქართველიშვილმა.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა, თავის დროზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რომ შეერთებოდა, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში სწორი ნაბიჯი გადადგა და ქვეყნის ეკონომიკის ორნიშნა ზრდაც დიდწილად ამ გადაწყვეტილებამაც განსაზღვრა.  

,,საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ შეუერთდა. ამ ნაბიჯზე რომ წავსულიყავით, აი, მაშინ შეიცვლებოდა საქართველოსთვის მდგომარეობა უარესობისკენ. მძიმე ვითარებაში ჩავარდებოდა ქვეყანა, თუკი ჩვენ ომის მიმდინარეობის განმავლობაში, მთელი 3,5 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკის ზრდა გვაქვს, გვექნებოდა პირიქით, რაც ერთბაშად დაარტყამდა ქვეყნის ეკონომიკას. ვფიქრობ, იმდროინდელ გამოწვევას ქვეყანამ კარგად გაართვა თავი. 

რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, შეიძლება ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთის გავლით გადაანაწილოს ტვირთი, როგორც ეს ყაზახეთმა გააკეთა, თუმცა ეკონომიკურ ზარალს საქართველოსთვის ამ კუთხით არ ველოდები. არ მგონია, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს რაიმე საფრთხე დაემუქრება, ის კვლავ რჩება ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის", - განაცხადა ანალიტიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მისი აზრით, არ არის გამორიცხული, გარკვეული ინტერესეთა შეჯახება მოხდეს რეგიონში, თუმცა საქართველო თავის პოზიციას შეინარჩუნებს, განსაკუთრებით შუა დერეფანთან დაკავშირებით, თუმცა ამ მხრივ საფრთხე ნაკლებად იკვეთება.

,,რაიმე სერიოზულ ცვლილებას და გადათამაშებას არ ველოდები, დერეფანთან დაკავშირებით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც აქვს. ზოგადად  შუა დერეფანში ენერგომატარებლებისა და სხვა საქონლის გატარებას როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდგეები ჰყავს. საკმარისია გადავხედოთ, რა ხდება სხვა ტრანზიტულ მარშრუტებზე, ეს იქნება აღმოსავლეთის გავლით, სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულება და ა.შ., დიდი დაძაბულობაა. ჩვენთანაც არ არის გამორიცხული, რომ ომის დამთავრების შემდეგ რუსეთმა მეტი აქტიურობა გამოიჩინოს და მოხდეს გარკვეული ინტერესების შეჯახება რეგიონში", - დასძინა სალუქვაძემ. 

საქართველოსთან დაკავშირებით რისკებს ნაკლებად ხედავს ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე, რომლის შეფასებითაც საქართველოს დერეფანი აქტუალურობას არ დაკარგავს იმ შემთხვევაშიც, თუკი ტვირთი ალტერნატიული მიმართულებით გადანაწილება, 

,,ევროპის ლიდერების უმრავლესობა დღეს თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ ჩრდილოეთის დერეფნის ასე ადვილად გახსნა ძნელად წარმოსადგენია. ბალტიის ზღვა, ფაქტობრივად, ჩაკეტილია და რამდენად შესაძლებელია ტვირთების გადამისამართება ალტერნატიული გზით, ძნელად სათქმელია. ამის გარდა, სამხრეთ აზიასა და ევროპას შორის ტვირთების მოცულობა იმდენად დიდია, რომ საქართველოს მიმართულების დატვირთვა დიდი პრობლემა არ იქნება. მით უმეტეს, ზანგეზურის დერეფნის შესახებ დეკლარაცია ისე დამთავრდა, რომ არც დაწყებულა. ეს ქვეყნის პოტენციალს ვერ შეასუსტებს. 

რთული სათქმელია ისიც, რამდენად მალე დამთავრდება საომარი მოქმედებები უკრაინაში. გარდა ეკონომიკური საკითხებისა, არის სამხედრო-სტრატეგიული კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დაველოდოთ მოვლენებს, ასე იოლად და ასე მალე ომის დამთავრების იმედი არ მაქვს. საქართველოსთვის დიდად არაფერი შეიცვლება, გააგრძელებს თავისი მიმართულებით საქმიანობას, რა კურსიც აქამდე ჰქონდა აღებული", - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ.

მისი ვარაუდით, სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება და ტვირთების მოძრაობა გააქტიურდება.

,,თუკი სანქციები მოიხსნება, მეტი ტვირთი წამოვა, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ერთადერთი ვიწრო გასასვლელია დარიალის ხეობა და მისი გამტარუნარიანობა რამდენად უზრუნველყოფს გაზრდილი მოცულობის ტვირთების გატარებას, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებას, საქართველოს დერეფანი აქტიურობას შეინარჩუნებს. პრობლემები ჩვენ თავად თუ არ გამოვიგონეთ, არ გვემუქრება, მაგრამ რა მდგომარეობაც დღეს არის, ანუ  მხოლოდ ევროპაზე ჩაციკვლა საზიანოა, კავშირები  მრავალმხრივი უნდა იყოს და მეტად გადავერთოთ შიდა პრობლემის მოგვარებაზე", - დასძინა ნოდარ კაპანაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას. 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამსაათიანი მოლაპარაკება უკრაინაში ომის საკითხებზე ალასკაზე 16 აგვისტოს გაიმართა. მსოფლიო კვლავ გაურკვევლობაშია, რადგან არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - შეწყდება თუ არა ომი უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა, გაემჟღავნებინა ის ძირითადი უთანხმოებები, რომელიც მას და რუსეთის პრეზიდენტს აქვთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე, მაგრამ ზელენსკის ურჩია, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან შეთანხმებას დროულად მიაღწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×