
საავტომობილო თხევადი გაზი მკვეთრად გაძვირდა. ბოლო 1 თვის განმავლობაში ფასმა 1,50 ლარს მიაღწია, რაც პროდუქტის დეფიციტით არის გამოწვეული. თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ დაბალი ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ეკონომიურ, ბენზინის ალტერნატივად მიიჩნეოდა და ასეც იყო. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს დააწესებდნენ. ამ ეტაპზე კი მისი გაძვირების საფუძველი ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება, რაზეც სექტორში ღიად საუბრობენ და თხევადი გაზის ფასის მატებას ლარსის გამშვებ პუნქტთან შექმნილ ვითარებას უკავშირებენ.
მსოფლიოში თხევადი გაზის მომხმარება სულ უფრო იზრდება, რადგან იგი ეკოლოგიურად შედარებით სუფთა პროდუქტად მიიჩნევა და ფასითაც მიმზიდველია, ამ დროს საქართველოში იმპორტთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ და საფასო ცვლილებამ ბაზარზე გარკვეული პრობლემა შექმნა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა აღნიშნა "ელპიჯი" საწვავი რამდენიმე გარემოების გამო გაძვირდა.
"განსაკუთრებით გავლენა იქონია ლარსის გამშვებ პუნქტზე გადაზიდვებთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ, რის გამოც საქართველოში თხევადი გაზის დეფიციტია. რამდენიმე დღეა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგში უწევთ ყოფნა. როდესაც საბჟოს მოადგება საწვავით დატვირთული მანქანა, წონის კონტროლის მიზნით ხდება აწონვა და მონაცემი იგზავნება გეზ-ში, რაც პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანას აყოვნებს. დრო იკარგება და ხელოვნურად იქმნება დეფიციტი, რის გამოც თხევადი გაზი ორ კვირაში 60 თეთრით გაგვიძვირდა და 1,50 ლარი გახდა.
ყველამ ვიცით, რაც ხდება რუსეთში, იქ შიდა ბაზარზე პრობლემაა, რადგან რამდენიმე გადამმუშავებელი ქარხანა გაჩერებულია, ამასთან, უკრაინამ სწორედ ეს ობიექტები ამოიღო მიზანში და უტევს, ესეც აისახა წარმოებაზე და მარაგის კუთხით გარკვეული პრობლემა გაჩნდა, თუმცა უნდა ითვას, რომ ადგილზე ფასი არ გაზრდილა.
საქართველო ამ სეგმენტში 80%-ით არის რუსეთზე დამოკიდებული, რა ფასადაც ჩვენ ამ ქვეყნიდან თხევად გაზს ვყიდულობთ, ევროპაში არავინ მოგვცემს. თურქეთში 80% თხევადი გაზის მომხმარებელია და ჩვენც შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, ხელი შევუწყოთ, რომ ყველაზე ეკოლოგიური საწვავის მიმართ მოთხოვნა გაჩნდეს და მომხმარებელმა შეღავათი იგრძნოს", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
მთლიანობაში, თხევად გაზზე მოთხოვნა გაძვირების პირობებშიც შენარჩუნდება. განსაკუთრებით დიდძრავიანი ავტომობილები ვისაც ჰყავს, ვინც დისტრიბუტორად მუშაობს და მთელი დღის განმავლობაში უწევს ავტომობილით გადაადგილება, უპირატესობას მაინც "ელპიჯის" ანიჭებს.
,,ევროპა მთლიანად გადადის თხევადი აირის მოხმარებაზე, რადგან გამონაბოლქვი პრაქტიკულად არ აქვს და ეკოლოგიისთვის ეს არის ძალიან კარგი. თამამად შეიძლება თქმა, რომ ეს ხვალინდელი დღეა. ლარსის საბაჟო პუნქტთან შექმნილ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ და პარალელურად პრობლემა გეოპოლიტიკური ვითარებაც, ყველა ნავთობპროდუქტთან დაკავშირებით შეინიშნება გარკვეული რყევა, სანავთობო ბაზრებზე გამოწვევების წინაშეა და ფასზე ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა ისეთი მკვეთრი რყევა, როგორის საქართველოშია, ფაქტობრივად არსადაა.
რუსეთის ტერიტორიიდან საბაჟოსთან დგას დაახლოებით 1000 ავტომანქანაა, რომელიც შემოსვლას ელოდება, მათ შორისაა ტრანზიტად გამავალი ტრანსპორტი. მათ გატარებას ვერ უზრუნველყოფს დღევანდელი ლარსის საბაჟო, ცოტა სიჩქარეს მოუმატონ საბაჟო მოხელეებმა, უფრო სწრაფად იმუშაონ. მნიშვნელოვანია, დეფიციტი არ იყოს და ფასები არ იზრდებოდეს ყოველდღიურად, რასაც მომხმარებელი ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას. ბიუროკრატიული ბარიერი არ უნდა აფერხებდესს ბიზნესს.
გარდა ამისა, თხევადი გაზი ცეცხლსაშიშია და დიდი ხნით მათი ადგილზე დაყოვნება საფრთხის შემცველია. სასწრაფოდ უნდა განვარიდოთ იმ ტერიტორიებიდან, როგორც მაღალი რისკის პროდუქტი და უსაფრთხოება დავიცვათ. იმის გამო, რაც ლარსის საბაჟოზე ხდებამ, ზიანდება როგორც ბიზნესის და სამომხმარებლო ინტერესები, ასევე ქვეყნის ბიუჯეტიც ზარალდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა.
თხევადი გაზის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობენ ეკონომისტებიც. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ადასტურებს, რომ თხევადი გაზის გაძვირების ძირითადი მიზეზი სწორედ იმპორტთან დაკავშირებულ ბარიერს უკავშირდება.
,,ორიოდე თვის დავაანონსეთ, რომ საავტომობილო თხევადი გაზი გაძვირდებოდა და ასეც მოხდა. უნდა ითქვას, რომ გაზმზიდებისთვის პრობლემების შექმნაში ლარსის საბაჟომ კიდევ უფრო არასასურველ დონეს მიაღწია. კერძოდ, კონკრეტული მაგალითებიდან დგინდება, რომ საბაჟოს თანამშრომლები ხელოვნურად უქმნიან გადამზიდებს წინაპირობას, რომ დაუფიქსირონ არადეკლარირებული ტვირთი ზედმეტი რაოდენობის სახით, ანუ იმაზე მეტი, რაც დეკლარაციაში და სხვა თანმხლებ საბუთებში არის ნაჩვენები. ეს, რასაკვირველია, პრობლემას ამწვავებს.
რაც შეეხება ბოლოდროინდელ ტენდენციას, აგვისტოდან რუსეთის ფედერაციამ დაგეგმა, რომ დროებით აკრძალოს ბენზინის ექსპორტი, რაც უკვე იქცა შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის წამახალისებლად.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ფასების რეკორდული ზრდა, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგის საქონლის ბირჟაზე, ბენზინ "პრემიუმის" ფასი 76 000 რუბლამდე (დაახლოებით 960 დოლარი) გაიზარდა, რაც რეკორდია.
პრობლემაა ასევე საწარმოო შეფერხებები, რიგი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები გეგმურად გაჩერდა, რამაც შეამცირა საწვავის მიწოდება ბაზარზე,ზოგიც დაიბომბა.
გარდა ამისა, შიდა მოხმარება ჭარბობს ექსპორტს, რუსეთის საწვავის წარმოება რთულად აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, ხოლო ექსპორტის ზრდამ დამატებით გაამძაფრა დეფიციტი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის რუსეთიდან საწვავის ძირითადი იმპორტიორი, რეგიონში ასეთი ცვლილებები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფასებზე და ალტერნატიული ბაზრების საჭიროებაზე მიუთითებდეს", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.