საგანგაშოა ჯერ არაფერია, თუმცა მივიწყებული ნახტომისებური რყევა, ბიზნესზე ცუდად მოქმედებს
ირმა ჩიტაია
14.08.2025

 

ლარის გამყარების ტენდენცია მოულოდნელად შეიცვალა. კურსი მოულოდნელად 4 პუნქტით გაუფასურდა. არის ალბათობა, რომ სავალუტო რყევა განმეორდეს. ფინანსისტების  ნაწილი ფიქრობს, რომ ერთჯერადი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ლარის მდგრადობაზე. მით უმეტეს სანამ ტურისტული სეზონი აქტიურია და შემოდინების კუთხით დადებითი ტენდენციაა, თუმცა ლარის მკვეთრი მერყეობა, რომელიც თითქოს წარსულს ჩაბარდა, ცუდია. 

ფაქტია, ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში სტაბილურობას ინარჩუნებდა. არც ნახტომისებური ცვლილებებსი ხდებოდა. შიდა სავალუტო ბაზარზე დიდი ხანია ბიზნესი სტაბილურ კურსს შეჩვეული იყო. ცხადია, ბიზნესში, სადაც სწრაფი ბრუნვაა, ეროვნული ვალუტის მდგრადობა მნიშვნელოვანია. უცაბედი ცვლილება კი შიშის ფაქტორს იწვევს, ლარისადმი ნდობა მცირდება და თავდაცვის მიზნით, გარკვეულ ღონისძიებებსაც მიმართავენ ხოლმე. ამიტომაც, თუ ძველებურმა ნახტომისებურმა ცვლილებებმა პერიოდული სახე მიიღო, სავსებით შესაძლებელია ბიზნესმა ეს არასასურველი ტენდენცია სათავისოდ გამოიყენოს და პროდუქციაც გააძვიროს.

ეკონომიკის დოქტორი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ მცირე ნახტომის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ლარის კურსს რაიმე სახის საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით არც უხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულა, რაც ეროვნულ ვალუტაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება ხოლმე. 

,,ვფიქრობ, ამ ეტაპზე ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრი გადახვევა არ არის. მას არაფერი არ ემუქრება. თანაც, ტურისტული სეზონი აქტიურია, არც უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულა. პირიქით, ტურისტული ნაკადების კვალობაზე გაიზრდება კიდევაც. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ლარს არაფერი ემუქრება. არც ეროვნული  ბანკის ჩარევის აუცილებლობა ჩანს, თუმცა თუ საჭირო თუკი გახდება ის მიიღებს შესაბამის ზომებს და გადადგამს ნაბიჯსაც", - განაცხადა ,,რეზონანსთან" გოჩა თუთბერიძემ.

კურსის ნახტომისებური ცვალებადობა ხომ არ არის ცუდი სიგნალი ბიზნესისთვის და ამით საფუძველი ხომ არ ეყრება ძველი პრაქტიკის დაბრუნებას, როდესაც დამფრთხალი ბიზნესმენები პროდუქციას აძვირებდნენ და ლარის კონვერტაციას იწყებდნენ?

თუთბერიძე მიიჩნევს, ამ ეტაპისთვის ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება, ამიტომაც არც ლარის გაუფასურების საშიშროება არსებობს, მაგრამ ჩვენი ბაზარი პატარაა, ამიტომ მცირე მოვლენებიც კი გაცვლით კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს. 

,,ფუნდამენტური ფაქტორები უნდა უარესდებოდეს და მაშინ წარმოიქმნება გაუფასურების გარკვეული საშიშროება. ამ ეტაპზე, ასეთი ცვლილება არ იკვეთება, ამიტომ არ უნდა ველოდოთ მკვეთრ რყევას. მცირე ცვლილებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს ჯერჯერობით შემაშფოთებელი არაა.

ჩვენი ბაზარი პატარაა, ამიტომაც ეროვნული ვალუტის კურსზე მცირე მოვლენებიც კი გარკვეულ გავლენას ახდენს. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი საგარეო ვალი გვაქვს. არა მთავრობის, არამედ სახელმწიფო ვალს ვგულისხმობ, ანუ ბანკებს საკრედიტო ხაზები აქვთ, ბიზნესს საკმაოდ დიდი ვალდებულებები და ა.შ. ამიტომ, როცა ამ ვალდებუებების გასტუმრების პერიოდი ახლოვდება, მათ უცხოური ვალუტა მეტი რაოდენობით სჭირდებათ. რაც თავისთავად ცხადია, მოახდენს გავლენას გაცვლით კურსზე. 

ვინაიდან ფუნდამენტურ ფაქტორებში რაიმე ცვლილებები არ არის, მკვეთრ რყევას არ უნდა ველოდოთ. ამის საფუძველი არ არსებობს მანამ, სანამ აქტიური ტურისტული სეზონი გვაქვს.  სტაბილურია შემოდინებებიც. ერთადერთი, რამაც გარკვეული პრობლემა შეიძლება შექმნას, ესაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რაც მომავალში მოახდენს გავლენას ვალუტის კურსზე, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე არა", - განუცხადა ,,რეზონანსს" თუთბერიძემ. 

ქართულ ეკონომიკაში და ზოგადად სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფდა, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და მინიმუმ, სექტემბრის ბოლომდე ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლებოდა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი საპირისპიროს ცხადყოფს. 

ფინანსისტ მიხეილ თოქმაზაშვილის შეფასებით, ლარი არსებულ სტაბილურობას დიდხანს ვერ შეინარჩუნება და რყევა გარდაუვალი იქნება, თუმცა ამ ეტაპისტვის რამ გამოიწვია ეს ნახტომისებური გაუფასურება და გაგრძელდება თუ არ ვარდნის ტენდენცია, ამის პროგნოზირება, საკმაოდ რთულია. 

"იმის მოლოდინი, რომ მუდმივად შენარჩუნდეს ლარი იმ წერტილში, რაც აქამდე დიდი ხნის განმავლობაში იყო, ეს შეუძლებელია. ბუნებრივია, ლარი შეიცვლება, მაგრამ ნახტომისებური იქნება ეს ცვლილება თუ როგორი, ამას დრო გვიჩვენებს. ცხადია ჯერჯერობით რეალურად არა გვაქვს ისეთი ფუნდამენტური მიზეზები, რომელიც გაცვლით კურსს შეარყევდა, თუმცა ის გარემოება, რომ საქართველოს საინვესტიციო პოზიციები დასავლეთიდან შეიძლება გაუუარესდეს, რეალურია და ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზულად იმოქმედოს ეროვნული ვალუტის კურსზე. ამ ეტაპზე, ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში კონკრეტულად რომელმა ფაქტორმა იმოქმედა ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ეს იყოს ვაჭრობა, ინვესტიციები, უცხოეთიდან შემოდინებები და ა.შ. 

ამიტომ  ყველაზე რეალურია დავაკვირდეთ მოვლენებს და მომავალში უფრო მარტივი იქნება იმის თქმა თუ რა ხდება ამ კუთხით საქართველოში. ფაქტია, ლარის კურსის პროგნოზირება რთულია. ჩემის ღრმა რწმენით ლარი ნახტომისებურად არ უნდა გაუფასურდეს. ადრე გვქონდა ისეთი პერიოდები, როდესაც საკმაოდ დიდი ნახტომებიც გაუკეთებია ლარს, ამიტომაც ვფიქრობ, სავალუტო კურსთან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება ცოტა უმადური საქმეა", - განუცხადა ,,რეზონანსს" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

რაც შეეხება ამჟამინდელ კურსს, 8 აგვისტოს მონაცემებით, აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა, თუმცა "ბბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნულმა ვალუტამ პოზიციების აღდგენა დაიწყო და ბოლო ვაჭრობის შემდეგ 2.70-იან ნიშნულამდე გამყარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×