რეზონანსი
14.08.2025

ზუსტად არ მახსოვს, ოთხი თუ ხუთი  წლის წინ, თითქოსდა შემთხვევით გავიცანი ღვაწლმოსილი მეცნიერი  და როგორც შემდეგ აღმოვაჩინე უბრალოდ კარგი ადამიანი, ბატონი ჯუმბერ ხანთაძე. მოგვიანებით ერთად დავადგინეთ, რომ ჩვენი დაახლოება მთლად შემთხვევითი არ ყოფილა და რამდენიმე ფაქტორის   დამთხვევამ განაპირობა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო,  რომ ბუკინისტური  წიგნის  სარდაფში ერთმა წიგნმა სათაურით - “ავტობიოგრაფია ნოველებში“,  მიიქცია ჩემი ყურადღება. წიგნის უკანა გარეკანზე მოყვანილი მწირი ინფორმაცია გვამცნობდა, რომ მისი ავტორი  იყო ჩემი საყვარელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. უკვე ამან გამოიწვია ჩემი დაინტერესება აღნიშნული წიგნით, რომლის ორი ნოველა იქვე წავიკითხე. ასე დაუსწრებლად გავიცანი წიგნის ავტორი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი,  მეტალურგი ბატონი ჯუმბერ ხანთაძე.

შემდეგ მას რამდენჯერმე ვესტუმრე მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში, მინდელის ქუჩაზე. გაირკვა, რომ  ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ დელისის ბოლოს, ერთ უბანში და როგორც იცით უბნელობა თბილისელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამავე დროს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ნაცნობი, ამხანაგი და მეგობარი გვყოლია. და მაინც ჩვენი მეგობრობა  დიდად განსაზღვრა სასიქადულო მამულიშვილმა გიორგი ნიკოლაძემ, რომელსაც უსაზღვროდ ვეთაყვანებით, ბატონი ჯუმბერი როგორც მეტალურგს, მთასვლელსა და მოთხილამურეს,  და მე – როგორც მათემატიკოსსა და პირველი ელექტრული გამომთვლელი მანქანის გამომგონებელს. 

ბატონი ჯუმბერი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და როგორც ბუნებით კეთილმა ადამიანმა გულუხვად დამაჯილდოვა საგაზეტო წერილებითა და წიგნებით გიორგი ნიკოლაძის შესახებ, მათ შორის მისი ავტორობით გამოცემული რამდენიმე წიგნიც მისახსოვრა თბილი წარწერით,რომლებშიც გამოკვლეულია გ.ნიკოლაძის როლი საქართველოში მეტალურგიისა და სათხილამურო სპორტის განვითარებაში.           

უნდა ნახოთ თუ რა სიყვარულით და გატაცებით  საუბრობს ბატონი ჯუმბერი იმ წვლილზე რომელიც ქართველმა მეტალურგებმა შეიტანეს მეცნიერებასა და საინჟინრო საქმიანობაში.ერთგან  იგი წერს  „ . . . ჩვენს ძალიან შორეულ წინაპრებს  ოქროს გამოლექვის კოლხური მეთოდი მოუგონებიათ და  ოქროს მიღება-წარმოება დაუწყიათ.  მერე და მერე  ბრინჯაოსა და რკინის წარმოებაც აუთვისებიათ, ბევრი რამ სხვებისგან გადმოუღიათ, ბევრიც სხვებისთვის უსწავლებიათ, მათ შთამომავალს კი, წინა საუკუნეში მანგანუმიანი შენადნობებისა და ფოლადის გიგანტური საწარმოები აუშენებიათ ზესტაფონსა და რუსთავში“. 

 აი, ზოგიერთი ამონარიდი მისი წიგნებიდან,რომლებიც  ადასტურებენ  ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა  დიდ დამსახურებას  მეტალურგიის დარგში.

• ანტიკური ელინისტური და ბიზანტიური  წყაროების მიხედვით, ლეგენდარული ოქროს საწმისი ტყავზე დაწერილი, ტაბუდადებული საიდუმლო ცოდნა იყო კოლხური მეთოდით ოქროს ამოღების შესახებ: ყველა თანხმდება, რომ კოლხების ეს აღმოჩენა ოქროს გრავიტაციული მეთოდით გამოლექვის ინსტრუქცია იყო და, ალბათ, ერთ-ერთი უადრესი ტექნოლოგიური ინსტრუქცია კაცობრიობის ისტორიაში;

• გენერალმა პეტრე ბაგრატიონმა (1818-1876 წწ) შეიმუშავა ოქროს გამოლექვის, დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ციანიდური მეთოდი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მეტად უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, დღემდე უალტერნატივოა და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ოქროს სარეწებზე და საქართველოშიც მადნეულის საბადოზე;

• პირველად ქართველმა მეცნიერებმა  დაადგინეს ელექტროლიტიდან მანგანუმის გამოლექვის აუცილებელი პირობები, დაამუშავეს მსოფლიოში აღიარებული ელექტროლიზული მანგანუმის მიღების ტექნოლოგია და მანგანუმის დიოქსიდის მიღების ხერხი; 

• ქართველები მოწინავენი იყვნენ კრისტალური ბორის მიღება-გასუფთვების სფეროში;

• ქართველმა მასალათმცოდნეებმა შექმნეს არა ერთი სპეციალური დანიშნულების მასალა, მათ შორის საჯავშნე მასალები.

• მსოფლიო პრაქტიკაში პირველად ზესტაფონელმა მეტალურგებმა დაამუშავეს  ფერომოლიბდენის ღუმელგარეშე წარმოება სილიკოთერმული მეთოდით, ლითონური მანგანუმის წარმოება ალუმინთერმიული აღდგენით, მიიღეს ფეროქრომი, სილიკოკალციუმი და სილიკომანგანუმი; 

• პირველად რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ციცხვის შიბერული საკეტის ჩამოსასხმელი ღარიდან განხორციელდა გამდნარ ფოლადში ინერტული აირების, წიდაწარმომქმნელი ნარევებისა და ფხვნილოვანი მასალების შებერვის ინჟექციური მეთოდი. „რუსთავის მეთოდის“ სახელით ცნობილი ეს ტექნოლოგია დაინერგა ყოფილი საბჭოთა კავშირის მეტალურგიულ ქარხნებში და გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯუმბერ ხანთაძე თითქმის შვიდი ათეული წელია მოღვაწეობს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო სტატია და 6 მონოგრაფია. არის სამი გამოგონების ავტორი. მას მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო და გიორგი ნიკოლაძის პრემიები. 

მრგვალი საიუბილეო  თარიღების  მოყვარულთ უნდა შევახსენოთ, რომ 2026 წელს სრულდება 70 წელი იმ დღიდან როდესაც ბატონმა ჯუმბერმა თავისი ბედი დაუკავშირა მეტალურგიის ინსტიტუტს: ეს მოხდა 1958 წელს, მას შემდეგ რაც ბატონი ჯუმბერი ქალაქ ტულაში არსებული კოსაია გორას მეტალურგიული ქარხნიდან, სადაც ის განაწილების თანახმად მუშაობდა, ცნობილი ქართველი მეტალურგის, ინსტიტუტის დირექტორის ფერდინანდ თავაძის ინიციატივით სამუშაოდ გადმოიყვანეს თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში. ამგვარად ჯუმბერ ხანთაძემ თავისი შრომითი – საინჟინრო და სამეცნიერო საქმიანობის სამოცდაათი წელი მთლიანად მიუძღვნა საქართველოში მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის განვითარებას და თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით მოკრძალებული წვლილი შეიტანა დარგის წარმატებებში.

ნუგზარ ზაზა იაშვილი

საქართველოს საიჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×