ჩრდილოეთში დიდი კრიზისია, ბენზინი დიდი სისწრაფით ძვირდება, მაგრამ ამის გამო საქართველოს არანაირი საფრთხე არა ემუქრება
ქეთო გოგოხია
12.08.2025

რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე კრიზისია, უკრაინის მხრიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა იერიშებმა სერიოზული პრობლემა შექმნა პროდუქციის მომარაგების კუთხით და ასევე საბიუჯეტო დეფიციტის განმაპირობებელი ფაქტორიც გახდა. კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია და სანავთობო ბაზარზე პრობლემის დაძლევის ნიშნებიც ნაკლებად იკვეთება. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, რუსული საწვავის მოწოდება ისედაც არ ხდება და ამ მხრივ საფრთხე არ არის, თუმცა ირიბი გავლენა მაინც მოსალოდნელია, კერძოდ ის, რომ არსებული ვითარება ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

"ინტერფაქსი” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა უმსხვილესი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან სასწრაფო შეხვედრას ამზადებს საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც წლის დასაწყისიდან ფასები, თითქმის, 50%-ით გაიზარდა.

შეხვედრა ენერგეტიკის საკითხებში ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის მონაწილეობით 14 აგვისტოს გაიმართება. სააგენტოს წყაროების ცნობით, განიხილება ზომები, რომ ბენზინზე საცალო ფასი ინფლაციის მაჩვენებელს არ ასცდეს. ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები, 2024  წელთან შედარებით, 11%-ით მაღალია მაშინ, როცა სამომხმარებლო ფასთა საერთო ინდექსი 8.2%-ით იზრდება.

აგვისტოს დასაწყისიდან ბირჟაზე საწვავის ფასი - 7%-ით, ზაფხულის დასაწყისიდან - 32%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 47%-ით გაიზარდა. 92 ოქტანობის ბენზინის ფასი დეკემბრის ბოლოდან 34%-ით გაიზარდა და 1 ტონაზე 69.390 რუბლს (870 დოლარს) მიაღწია, რაც 2023 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელ ბაზარზე ბენზინის  მარაგი, თითქმის, არ არსებობს. კოტირებები უკვე იმ დონეზეა, რომ დამოუკიდებელი ბენზინგასამართი სადგურები ბირჟაზე შეძენილი ბენზინის გაყიდვიდან თითოეულ ლიტრზე რამდენიმე რუბლს ზარალობენ, რაც, თავის მხრივ, ფასების ზრდას იწვევს.

მდგომარეობას უკიდურესად ამძიომებს ისიც, რომ რუსული ნავთობგადამამუსავებელი ქარხნები ერთიმეორის მიყოლებით იხურება. 2 აგვისტოს ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო „როსნეფტის“ უდიდესმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც დედაქალაქის რეგიონს საწვავით ამარაგებს, სიმძლავრის, დაახლოებით, ნახევარი დაკარგა. 9 აგვისტოს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაზიანდა, ნედლი ნავთობის მიღება შეწყვიტა.

რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობა ,,რეზონანსთან" ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა შეაფასა და დეფიციტის  განმაპირობებელ გარემოებებზე ისაუბრა.

,,როგორც ვიცით, უკრაინელი  სამხედროები რუსეთს  სწორედაც სტრატეგიული მიმართულებით უტევენ. აქტიურად მიმდინარეობს შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და  ასევე ნავთობსაცალოების მიმართულებითაც, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის დაზიანება რუსეთს დიდ პრობლემას უქმნის. აღდგენას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, დროულად ვერ ხდება რეაბილიტაცია და ეს იწვევს მიწოდების პრობლემას რუსეთში და ადგილობრივ ბაზარზეც.

მეორეც, რუსეთში ნავთობის გადამუშავება უფრო ძვირი ჯდება ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ვიდრე, მაგალითად, სხვა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებში, საუდის არაბეთში, საემიროებში და ა.შ. ესეც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის. ამას ემატება სეზონური ფაქტორიც, ზაფხულის პერიოდში ადგილობრივი მოთხოვნა შედარებით მაღალია. რუსეთს იმდენად დიდი პრობლემა აქვს, რომ მოუწია საერთოდ შეეჩერებინა ექსპორტი. 

ნებისმიერი სცენარით, მოვლენები არ განვითარდება კარგად, რუსეთს საბიუჯეტო დეფიციტი აქვს, აქამდე  ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული თანხით ივსებოდა  ბიუჯეტი, ახლა  აღარ შედის უცხოური ვალუტა. გარდა ამისა, ინდოეთმაც ტრამპის სატარიფო ომის პირობებში გამოაცხადა, რომ რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის, გარკვეულწილად, ორმაგი წნეხის ქვეშ არის რუსეთი და რა სცენარიც არ უნდა განვიხილოთ, პოზიტიური არც ერთი მიმართულებით არ არის", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესს საქართველოზე  პირდაპირი ასახვა არ ექნება, არც ფასის და არც დეფიტიცის მხრივ.

„პირდაპირ გადაცემას ადგილი არ ექნება, ასეთ რამეს არ ველოდები, რომ რუსული ბენზინის დეფიციტი  საქართველოში  რაიმეს პირდაპირ შეცვლის, არც ფასების ნაწილში და არც მარაგის  მიმართულებით, რადგან ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია მიწოდების კუთხით", - დასძინა ბაირახტარმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, თუ რა ტენდენცია შეიძლება სამომავლოდ გამოიკვეთოს, დიდწილად ამერიკისა და რუსეთის ლიდერების  შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

,,პროგნოზი ძალიან ადრეა. ძნელად სავარაუდოა, რა ელის ნავთობპროდუქტების ბაზარს რუსეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. შექმნილი დეფიციტის გამო დანაკარგი დიდია, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი შედეგი ექნება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე, რომელიც ალასკაზე უნდა გაიმართოს. სანქციები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ამის შემდეგ გაირკვევა.  მთელი მსოფლიო ახლა ამას ელოდება და პერსპექტივაც ამის მიხედვით გამოიკვეთება.  სულ მცირე დრო რჩება. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე შესაძლო ცვლილებას, ამ მიმართულებით არ ველოდები. შესაძლებელია, საწვავის საცალო ფასზე მიზერული გავლენა მოახდინოს, მაგრამ ამისი ალბათობაც ძალიან დაბალია. არ ვფიქრობ, რომ რუსული ექსპორტის შეჩერებას არსებითი ზეგავლენა ექნება, რამდენადაც ჩვენს ბაზარზე საკმაოდ მაღალია მიწოდება", - აღნიშნა ცუცქირიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას. 

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ბაზარზე კოტირებების ზრდა, ასევე განპირობებულია ბენზინის წარმოებაში უსაფრთხოების ზღვრის არარსებობით, რადგან წარმოების მოცულობა შიდა მოთხოვნას მხოლოდ ოდნავ აღემატება.

უცნობია ზუსტი მოცულობა, თუ რამდენი საწვავი იწარმოება ქვეყანაში, რადგან გასულ წელს ხელისუფლებამ სტატისტიკა დახურა. თუმცა, "როიტერის" მონაცემებით, 2024 წელს რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 267 მლნ ტონამდე შემცირდა, რაც ბოლო 12 წლის მინიმუმია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×