რეზონანსი
05.08.2025

ბევრ ჩვენგანს სმენია ქართველი მეცნიერისა და ინჟინრის გიორგი ნიკოლაძის სახელი. 

იგი იდგა ქართული მათემატიკისა და მეტალურგიის სათავეებთან, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის ის ფაქტი, რომ მრავალმხრივი მეცნიერი თავისი მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდში დაინტერესებული იყო გამოთვლითი ტექნიკით და მას ეკუთვნის  მეტად მნიშვნელოვანი გამოგონება - ახალი ტიპის  ელექტრული არითმომეტრი.

1926 წელს გიორგი ნიკოლაძე ერთი წლის ვადით მივლინებული იქნა დასავლეთ ევროპაში მათემატიკურ მეცნიერებაში დასახელოვნებლად და ელექტროქიმიის დარგში ზოგიერთი საკითხის შესასწავლად. ევროპაში გიორგი მამასთან ერთად გაემგზავრა. შემდეგ მას  მივლინება კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს. გ. ნიკოლაძემ სორბონაში 1928 წლის ზაფხულში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი უმაღლესი შეფასებით. სწორედ პარიზში გააგრძელა გიორგი ნიკოლაძემ მუშაობა გამოთვლილი მანქანის შექმნაზე, რომლის შესახებ აზრი მას გაცილებით ადრე დაებადა.

გიორგი ნიკოლაძე, რა თქმა უნდა გაცნობილი იყო მანამდე არსებულ გამოთვლით მოწყობილობებს, წინამორბედ მეცნიერთა შრომებს. მისი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ფრანგი მათემატიკოსისა და ინჟინრის მორის დ ოკანის შრომამ გამოთვლითი მანქანების შესახებ. აღსანიშნავია, რომ შემდეგში სწორედ ამ ფრანგმა მეცნიერმა პარიზში, საფრანგეთის აკადემიაში შეკრებილ მეცნიერებს წარუდგინა ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის გიორგის ნიკოლაძის გამოგონება. ეს მოხდა 1928 წლის 16 იანვარს.

გვაქვს წინადადება დავაწესოთ ქართული კომპიუტერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დღე  და ეს დღე დავუკავშიროთ დიდი ქართველი მეცნიერის და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ელექტრული გამომთვლელი მანქანის გამომგონებელის  გიორგი ნიკოლაძის სახელს. ეს  ბუნებრივიც  იქნება, რადგან სწორედ მან, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილმა საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების სამმართველოში (საპატენტო ბიუროში) 1928 წლის 23 იანვარს შეიტანა საპატენტო  განაცხადი # 647.778. იქ ზუსტად არის დაფიქსირებული არა მარტო დღე, არამედ საათი და წუთიც კი: ეს მოხდა 15 საათზე და 49 წუთზე ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ შეტანილ სფეროში. „მანქანა, რომლის აგებასაც მე ვვარაუდობ სავსებით ავტომატურია: მოქმედების შედეგი უმალვე მიიღება ორი ციფრის მოცემის შემდეგ, კნოპზე უბრალო დაჭერის მეშვეობით“ - წერდა გიორგი ნიკოლაძე. იგი სავსებით სწორედ თვლიდა, რომ არსებული მანქანები შედარებით რთული აგებულების იყო, შეიცავდა დეტალებს, რომლებიც სწრაფად ცვდებიან და ძვირიც ჯდებოდა, ხოლო გ. ნიკოლაძის  საანგარიშო გამომთვლელი მოწყობილობა არ შეიცავდა კბილანებიან თვლებს, ძრავას და სხვა რთულ ძვირადღირებულ მექანიკურ ნაწილებს.

ფრანგი აკადემიკოსი, მორის დ ოკანი აღნიშნავდა: „გიორგი ნიკოლაძის მიერ წარმატებული გადაწყვეტა საანგარიშო მანქანის ამუშავებისა სულ სხვანაირია... ყველაზე ღირსშესანიშნავად მიგვაჩნია წმინდა ელექტრული მოწყობილობა, რომელიც აქ ძალზე მახვილგონივრულადაა გამოყენებული... რამდენადაც ვიცი, ეს პირველი ამგვარი გამოგონებაა და გულით ვისურვებდი, რომ ისეთი კონსტრუქტორი გამონახულიყოს, რომელიც ხორცს შეასხამდა გ. ნიკოლაძის შესანიშნავ პროექტს“.

როგორც თვით გიორგი ნიკოლაძე წერდა, მისი გამომთვლელი მანქანა მუშაობდა "რამდენიმე, კომუტატორების სისტემაზე მოქმედი ელექტრომაგნიტის დახმარებით; კომუტატორები განსაზღვრავს წყვეტილობასა და აუცილებელ წრედებს. მანქანა შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი განკუთვნილია შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შესასრულებლად... მანქანის მეორე, გამრავლებისა და გაყოფისათვის განკუთვნილი ნაწილი, უფრო მარტივია. აქ მე გამოვიყენე ფრანგი ინჟინრის ჟენაილის ჩხირების იდეა’’. 

აკადემიკოსმა მორის დ ოკანმა ფრანგ მეცნიერებს დაწვრილებით გააცნო ქართველი გამომგონებლის გამომთვლელი მანქანა, რომლის განსაკუთრებით ღირსებად მან მიიჩნია ის, რომ იგი წმინდა ელექტრული მოწყობილობაა. გიორგი ნიკოლაძე 1928 წლის მარტის თვეში უფროსი დისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა:  რომ მის  არითმომეტრს არა აქვს არც მოტორი, არც კბილანებიანი თვლები, არც სხვა, ცოტად თუ ბევრად რთული და ძვირადღირებული მექანიკური დეტალები.

როგორც ზევით ითქვა გ. ნიკოლაძის გამომთვლელი მოწყობილობის შესახებ მოხსენება ფრანგმა მეცნიერმა წაიკითხა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს.

ამასთანავე მან  გამოთქვა შემდეგი შენიშვნა: "ელექტრობა გამომთვლელი მანქანის ამძრავში უკვე იყო გამოყენებული ჩვენი სწავლული თანამეგობრის ტორეს კევადოს მიერ მის ელექტრომექანიკურ არითმომეტრში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნ ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ამოხსნა სრულიად სხვაგვარია. უფრო მეტიც, ამ ახალ ამოხსნაში ჩვენ განსაკუთრებით ღირსეულად ის წარმოგვიდგება, რომ ამოხსნა შეიცავს წმინდა ელექტრულ მოწყობილობას, რომელიც აქ უაღრესად გონებამახვილურადაა გამოყენებული...“

გიორგი ნიკოლაძეს პარიზშივე შეუდგენია პატენტისათვის თავისი გამოგონების აღწერა, სადაც მოცემულია გამომთვლელი მოწყობილობის შედარებით ვრცელი დახასიათება, მუშაობის პრინციპი და ნახაზები.  სამწუხაროდ, გ. ნიკოლაძემ უსახსრობის გამო ვერ შეძლო პატენტის  საბოლოოდ გაფორმება და მანქანის მოდელის საფრანგეთში დამზადება. მხოლოდ მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგებული იქნა გ. ნიკოლაძის გამოთვლითი მოწყობილობის მოდელი, რომელიც მოგვიანებით, ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოფენილი იქნა 1936 წელს მოსკოვში პოლიტექნიკურ მუზეუმში. შემდეგში ეს მოდელი დაიკარგა და დღემდე არ არის აღმოჩენილი. არ არის შემორჩენილი დამზადებული მოდელის არც ნახაზები და არც აღწერილობა. ასე დაიკარგა ნიჭიერი ქართველი მეცნიერის არაორდინალური გამოგონება და დღეს გამოთვლითი ტექნიკის ისტორიაში გ. ნიკოლაძის სახელი ნახსენებიც კი არ არის.

გიორგი ნიკოლაძე მოულოდნელად, სრულიად ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა. მან მხოლოდ ორმოცდასამი წელი იცოცხლა.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა  რეკონსტრუირებული  არითმომეტრის მოქმედმა მოდელმა დაამტკიცა გ.ნიკოლაძის საპატენტო განაცხადში მოტანილი მიდგომის, პრინციპების, ალგორითმების და კონსტრუქციების რეალობა. გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისთვის იყო კომპიუტერულ ტექნოლოგიებში სერიოზული გარღვევა. ქართველი მეცნიერისა და ინჟინრის მრავალ დამსახურებიდან ავღნიშნავთ მხოლოდ ორს:1. შემოთავაზებულ არითმომეტრში განხორციელდა იდეა რათა  პირდაპირი გამრავლებით მიღებული იქნას კერძო ნამრავლი; 2. გაყოფის ოპერაციის შესრულება ხდება  ორიგინალური ალგორითმით;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან იმნაიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო  დაემზადებინა გიორგი ნიკოლაძის გამოგონებული არითმეტიკული საანგარიშოს მოქმედი ორი  ნიმუში, რომლებმაც  ცხადყო გ. ნიკოლაძის საპატენტო განაცხადში გადმოცემული მიდგომის, პრინციპების, ალგორითმების და კონსტრუქციების  რეალობა.

მთავარი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ გ.ნიკოლაძის საპატენტო განაცხადის შესწავლიდან და მისი  რეკონსტრუირებული  მოქმედი მაკეტის  მუშაობიდან არის ის,  რომ,   რამდენადაც იმ პერიოდისათვის არითმომეტრებში პირველად იქნა გამოყენებული ელექტროობა. 

ამიტომ გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში პირველ ელექტრულ (ელექტრომექანიკური) გამომთვლელ მოწყობილობად. თამამად უნდა ითქვას,რომ ჩვენ ქართველებს ნამდვილად გვაქვს სრულიად დასაბუთებლი, ისტორიული წყაროებით და დოკუმენტებთ განმტკიცებული ფაქტები, რომ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებს  შეტანილი აქვთ მნიშვნელოვანი წვლილი  კომპიუტერიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნიკოლაძის გამოგონება დროებით დავიწყებული იქნა ქართულმა საინჟინრო და საგამომგონებლო აზრმა მრავალი წლის შემდეგ მაინც მოახერხა გაბრწყინება. მოგვიანებით 1957-1962  წლებში თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის   ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში  (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 

არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი) ქართველმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა   შექმნეს იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო კონსტრუქციის და პარამეტრების მქონე  

უნივერსალური გამომთვლელი ელექტრონული მანქანა  „დელისი“. სამუშაოთა ხელმძღვანელი იყო გამოცდილი ინჟინერი დ. გრიგორაშვილი.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დიდ დამსახურებას უკვე სხვა კლასის, ახალი თაობის სპეციალიზებული გამოთვლითი მანქანის  შექმნაში. ივერი ფრანგიშვილი ათეული წლების მანძილზე იყო მოსკოვის  მძლავრი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ქალაქ მოსკოვის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში (ამჟამად მართვის პრობლემების ინსტიტუტი) შეიქმნა მრავალპროცესორული ცვლადსტრუქტურიანი მმართველ-გამოთვლითი სისტემების ახალი კლასი (ე.წ.ПС-300).

ეს იყო პრობლემურად ორიენტირებული მაღალმწარმოებლური  გამომთვლელი სისტემები, რომელთა  გამოშვება აითვისა თბილისის სამეცნიერო  საწარმოო გაერთიანება „ელვამ“. შემდეგ  ამ გაერთიანებაში იქმნება სხვადასხვა დანიშნულების სპეციალიზებული გამომთვლელი  საშუალებები და კომპლექსები.   

ეს მაგალითები უდავოდ მოწმობენ ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ შეტანილ მნიშვნელოვან  წვლილს მსოფლიოში კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის   სფეროში

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცნობილმა მათემატიკოსმა და მეტალურგმა, სორბონას უნივერსტეტის მათემატიკის დოქტორმა, ქართველმა მეცნიერმა   გიორგი ნიკოლაძემ სამართლიანად 

დაიმკვიდროს  თავისი კუთვნილი ადგილი კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის ისტორიაში, როგორც მსოფლიოში  ერთ-ერთი პირველი ელექტრული არითმომეტრის გამომგონებელმა.

ამით საქართველოში კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის ეპოქის დაწყების თარიღად  აღიარებული იქნება 1928 წელი, რაც  ჩვენ ქვეყანას ძალიან  ბევრი მოწინავე სახელმწიფოს  წინ აყენებს ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების შექმნის, დამკვიდრების და გამოყენების   ნიშნით.

ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში კომპიუტერისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დღის 23 იანვარს დაწესება.   

ნუგზარ-ზაზა იაშვილი 

საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×