საფრთხე დაემუქრება "ვიზ ეარის" საქართველოში გამართულ მუშაობას, რომელიც იაფი ბილეთების შეთავაზების მხრივ აშკარა ლიდერია
ქეთო გოგოხია
28.07.2025

 

 ვიზალიბერალიზაციის  შესაძლო გაუქმებით საქართველოში ყველაზე მეტად საავიაციო ბაზარი დაზარალდება. პირველ რიგში, დარტყმას დაბალბიუჯეტური კომპანიები მიიღებენ, რომლებსაც მოთხოვნის შემცირების გამო რეისები შეუმცირდებათ და მათი საქმიანობა აზრს დაკარგავს. ამდენად ავიაცია სერიოზულად დაზარალდება.  რაც შეეხება ტურიზმს, საფრთხე ამ მხრივ თითქმის არ არსებობს, შემომსვლელი ტურები არათუ დაიკლებს, შესაძლოა გაიზარდოს,  თუკი რაიმე სხვა სახის დაბრკოლება არ იქნება და სექტორი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

როგორც ავიაციის სფეროს სპეციალისტები, ასევე ეკონომისტები მოსალოდნელ საფრთხეზე ღიად საუბრობენ, თუმცა გამოთქვამენ ვარაუდსაც, რომ საქმე აქამდე არ მივა და ვიზალიბერალიზაცია, როგორც ქართველების მონაპოვარი, როგორმე  შენარჩუნდება.

დღესდღეობით ეკონომისტები ავიაციის ბაზარს ერთ-ერთ მაღალრისკიან სეგმენტად განიხილავენ. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამო, თუკი ევროკავშირი ამ გადაწ3ყვეტილებას მიიღებს, ფრენის სიხშირე  შემცირდება.

,,დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიახაზები, რომლებიც დაეყრდნენ ქართველების ტურისტულ მოთხოვნას, ფრენებს შეამცირებენ. საფრთხეა ასევე საშუალობიუჯეტიანი კომპანიებისათვის, რომელთაც ევროპაში ქართველები ამ დროისთვის აქტიურად იყენებდნენ (ბრატისლავა, მილანი, ბერლინი, ვენა და სხვ.).  მოსალოდნელია: ფრენის სიხშირის შემცირება ტარიფების ზრდა ვიზის გადახდებისა და პროცედურების გამო; არ გამოვრიცხავ ასევე მოხდეს ზოგიერთ მიმართულებაზე სრული გაწევა ბაზრიდან.

დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანიების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან: საქართველოში შემოვიდნენ  სწორედ მას შემდეგ, რაც თავისუფალი მიმოსვლა ამოქმედდა. ბაზრის მოტივაცია იყო ქართველი ტურისტების ნაკადი და ევროკავშირის ბაზრის გახსნა.

რაც შეეხება ისეთ დიდ კომპანიას როგორიცაა "ლუფტჯანზა",  იგი, ძირითადად, ემსახურება ევროკავშირის მოქალაქეებს და ბიზნესს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, ქართველების შემცირებულმა მოთხოვნამ გავლენა მოახდინოს ავიარეისებზე", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთნ" ნიკა შენგელიამ.

ამდენად, ვიზალიბერალიზაციამ ქვეყანაში არაერთი იაფი, პირდაპირი ავიამიმოსვლა განაპირობა, რამაც გამოიწვია ევროკავშირიდან ტურისტების მნიშვნელოვანი მატება და პირიქითაც.

ავციაციის სფეროს სპეციალისტი იასე ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ ტურიზმს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება დაბალბიუჯეტურ კომპანიებზე უარყოფითად იმოქმედებს და შეიძლება ამ სეგმენტის ბაზრიდან გასვლა გამოიწვიოს.

,,საქართველოდან ევროპის მიმართულებით მოგზაურობა, 99%,  მხოლოდ ავიაციის საშუალებით ხორციელდება. ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში,  შეიზღუდება და მკვეთრად  შემცირდება იმ მოქალაქეების რაქოდენობა, რომლებიც მხოლოდ პასპორტის წარდგინებიოთ ახერხებდნენ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას. შესაბამისად, შემცირდება ავიარეისების რაოდენობა ევროპაში და საფრთხე დაემუქრება  უკვე "ვიზ ეარის"  საქართველოში  ფუნქციობას, რომელმაც უკვე მესამე თვითმფრინავი ჩამოიყვანა საქართველოში. მათ დაახლოებით 12-ზე  მეტი მიმართულება აქვთ მარტო ევროპის ქვეყნებში  და სხვა რეისებს არ ასრულებენ.

აქვე გასათვალისწინებელია ქართული  კომპანიების უმეტესობა  და ასევე ,,ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც დაფრინავს ევროპის სხვადასხვა ქალაქში  და ვიზალიბერალიზაციის შემოღების შემდეგ დაახლოებით 7-8 მიმართულება დაამატა  თავის სამარშრუტო განრიგში.  რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებს მოყვება ისევ კრიზისი, შეზღუდვა,  რეისების რაოდენობის შემცირება, ვინაიდან მოთხოვნა არ იქნება ისეთი, როგორიც იყო.

რაც შეეხება ტურისტებს,  უცხო ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს მიმართულებით  ვიზების გაცემა აღარ დასჭირდება მათ და შეუზღუდავად შემოვლენ. თუმცა გამსვლელთათვის  იქნება დიდი პრობლემა და მოსალოდნელია ძალიან ბევრი რეისის დახურვა  გამომდინარ იქიდან, რომ მოთხოვნა აღარ იქნება", - აღნიშნა იასე ზაუტავილმა და დასძინა, რომ შესაძლებელია, საქმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებამდე არ მივიდეს.

,,პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, ასე მარტივად არ წაგვერთმევა. ამას წინ უძღოდა ბევრი წელი და თავდაუზოგავი შრომა,  იმ რეფორმების განხორციელება, რაც საქართველოს ევროკავშირისკენ გაუხსნიდა გზას. ბევრი ბენეფიტი მივიღეთ და არ მგონია, ეს ევროკვშირის ქვეყნებისგან უარყოფითად იქნას გაზიარებული და შეგვცეზღუდოს. და მაინც, თუ აქამდე მივა საქმე, ვიზალიბერალიზაციის ხელახალი მოპოვებისთვის ისევ რთული და ხანგრძლივი პერიოდის გავლა მოგვიწევს. მჯერა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. მინიმუმ 20 წელია, რაც რეფორმების განხორციელების პროცესში ვართ, რაც არ უნდა პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა იყოს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ქართველი ხალხი არც  ერთ შემთხვევაი არ უნდა დაისაჯოს", -  აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველო, რეგიონის არაერთი ქვეყნებისგან განსხვავებით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. უვიზო მიმოსვლის გამო - გაფართოვდა საავიაციო ტრანსპორტის ბაზარიც - რაც სამგზავრო ბილეთების საკმაოდ დაბალ ფასად შეძენი ს შესაძლებლობასაც იძლევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×