
მთავრობა ტექინსპექტირების რეფორმის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტიც დაექვემდებარება. საუბარია ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები მიეკუთვნებიან.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებასთან და ინსპექტირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უკვე შედგა შეხვედრა ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციებთან.
მთავრობის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების მომზადებაზე, რათა მოპედები და მოტოციკლები სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარონ. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული.
„საუბარი იყო L კატეგორიის ტრანსპორტის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებაზე. აღნიშნული ტრანსპორტი მრავლად არის წარმოდგენილი საქართველოს ავტოპარკში. ევროდირექტივის შესაბამისად აღნიშნული ტრანსპორტი უკვე დაექვემდებარა სავალდებულო ინსპექტირებას ევროპაში 2024 წლიდან. ჩვენც მივყვებით ამ სტანდარტებს და 125 მ³ -ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე L კატეგორიის ტრანსპორტი საქართველოშიც უნდა დაექვემდებაროს ინსპექტირებას.
დაახლოებით 125 ათასი L კატეგორიის ტრანსპორტი იყო რეგისტრირებული გასული წლის მდგომარეობით ქვეყანაში და წელს სავარაუდოდ კიდევ მეტია. მაგალითად, ესპანეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტრანსპორტი დაექვემდებარა ინსპექტირებას, გაცილებით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. ვფიქრობ, ეს დადებითად წაადგება საგზაო უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაშიც", - განაცხადა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა „საქმიან დილასთან".
ამ ეტაპზე უცნობია, როდიდან შეიძლება ამოქმედდეს L კატეგორიის ტრანსპორტის სავალდებულო ინსპექტირება. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული.
მოტოტრანსპორტისთვის პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირების შემოღებას მიესალმებიან სფეროს სპეციალისტები. როგორც გელა კვაშილავამ განაცხადა, ინსპექტირებას ყველა ტიპის ტრანსპორტი უნდა დაექვემდებაროს.
„ზოგადად, ტექნიკური ინსპექტირება უნდა მოიცავდეს ყველა სატრანსპორტო საშუალებას და შესაბამისად, მოტოტრანსპორტის შემოწმებაც უნდა მოხდეს პერიოდულად. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლებში მოიმატა ასეთი ტიპის ტრანსპორტმა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ, როგორც სხვა სატრანსპორტო საშუალება კონტროლდება, ისე მოხდეს ამ შემთხვევაშიც, შემოწმდეს ყველა ელემენტი, რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის.
ინსპექტირების პრობლემაში ერთი საფრთხე ის არის, რომ ინსპექტირება არ ხდება მხოლოდ ტექნიკულ ცენტრებში, არამედ გზაზეც. ყველა ქვეყანაში არსებობს ისეთი უწყება, რომელიც ქუჩაში ყურადღებას აქცევს და ამოწმებს ტრანსპორტს. ამიტომ, ცენტრების გარეთაც მნიშვნელოვანია ტრანსპორტის შემოწმება.
ვიცით, რომ საქართველოში შეიქმნა ჰაერის დაბინძურების შემოწმება და ეს კარგია, რადგან ქუჩაში ხშირად შევხვდებით ისეთ ტრანსპორტს, რომელსაც გამონაბოლქვი აქვს. ისედაც ვიცით, ჩვენთან ჰაერის დაბინძურება რამხელა პრობლემაა. რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს და ერთიანი სისტემა შეიქმნას, რასაც ჰქვია ცენტრებს შიგნით და ცენტრებს გარეთ ტრანსპორტის შემოწმება", - განუცხადა გელა კვაშილავამ „რეზონანსს".
ცვლილების შემოღებას მიესალმება კიდევ ერთი სპეციალისტი. „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებლის გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, გაუმართავი ტრანსპორტი ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზია, ამიტომ სავალდებულო ტექინსპექტირებას ყველა ტიპის ტრანსპორტი უნდა დაექვემდებაროს.
„რეალურად, ტექინსპექტირების მიზანი არის ორი რამ. ერთი ის, რომ ტრანსპორტს არ ჰქონდეს ჰაერის დაბინძურება, ანუ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მეორე არის ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. აქედან გამომდინარე, ტექნიკურ ინსპოექტირებას უნდა დაექვემდებაროს ყველა ტრანსპორტი, რადგან ყველა იყოს ტექნიკურად გამართული.
მოტორტრანსპორტთან დაკავშირებით გადადგმული იყო ნაბიჯები, თუმცა, როგორც ჩანს, ცვლილების შემოღება დაჩქარდა და ამით გამოჩნდება რეალურად როგორი მოტოპარკია საქართველოში და რამდენად გამართულია ესა თუ ის მოტოსაშუალება.
საერთოდ, მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირება საკითხს ვერ უშველის, რადგან ხშირ შემთხვევაში გვხვდება ხოლმე ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ავტომობილები ტექინსპექტირებას გადიან ხოლმე ნათხოვარი ნაწილებით, მაგალითად, კატალიზატორს აყენებენ და საბურავებს თხოულობენ ინსპექტირების წინ.
ცვლილებების შემუშავება უნდა მოხდეს სინქრონულად გზებზე მონიტორინგი უნდა არსებობდეს. ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტი არის მნიშვნელოვანი და ყველა მათგანი უნდა იყოს გამართული, რადგან შემცირდეს ავტოსაზგაო შემთხვევები, სამწუხაროდ, გზებზე სიკვდილინობა ხშირია. წელიწადში 500 ადამიანი იმყოფება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის გაუმართავი ტრანსპორტი, ავტომობილი იქნება, თუ მოტოტრანსპორტი", - უთხრა გიორგი ჯაფარიძემ.