
საქართველოს ეკონომიკა ზრდას და განვითარებას განაგრძობს, რასაც მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო ინსტიტუტებიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მუდმივი შანტაჟის ქვეშაა, ეკონომიკურ წინსვლას საფრთხე არ შექმნია.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში დამაჯერებლად იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას რიგი გარე ძალები იწუნებენ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მაინც საუბრობენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, საქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ძლიერი ზრდით, მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციით და ვალის ზომიერი დონით.
„საქართველოს ეკონომიკამ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად საოცრად კარგი შედეგები აჩვენა. 2021 წლიდან (ეკონომიკის ზრდის) საშუალო წლიური მაჩვენებელი 9% აღემატებოდა, ინფლაცია ორწლიანი ჩამორჩენის შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36%-მდე შემცირდა", - აღნიშნულია ანგარიშში და ასევე წერია, რომ ეკონომიკის ასეთი მაღალი ზრდა განპირობებული იყო კორონავირუსის პანდემიიდან კარგი გამოსვლით, საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარებით, რაც, თავის მხრივ, იმიგრაციიდან, ფინანსური სახსრების მოზიდვიდან და ტრანზიტული ვაჭრობიდან მომდინარეობდა, რომელიც უკრაინაში ომს უკავშირდებოდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინაში ომის დასრულებამ, შესაძლოა, მიგრაციითა და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული სარგებელი შეამციროს, მაგრამ მყარმა რეგიონულმა სტაბილურობამ და აღდგენის ზრდამ, შესაძლოა, ამის კომპენსირება მოახდინოს.
აღნიშნულ დასკვნას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მსოფლიო სავალუტო ფონდის მორიგი შეფასების მართლაც გასაოცარი შედეგი დასტურია იმის, რატომ უნდა მიჰყვე ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს.
„ამ სიხარულზე მეტი ალბათ ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობა, რომ არა დონორების ნაკვები სიძულვილი და ექსტრემიზმი; რომ არა „ენჯეოების" მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობა, რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
სავალუტო ფონდის დასკვნა შეფასდა მთავრობაშიც. როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე.
ბოლო წლების ეკონომიკურ ზრდას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ მართალია, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, 2023-2024 წლებში ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ პოზიტიური იყო. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7%-მდე შემცირდა. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უფრო მაღალი, 9.5%-იანი, ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ეს შედეგი ნაკლებია 2021 და 2022 წლების მაჩვენებელზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებას რიგი ძალები უარყოფენ, ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა მზარდია და ამიტომ როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, „ისე ცუდათ არის ეკონომიკაში საქმე, როგორც პოლიტიკური სუბიექტები გარედან ცდილობენ მის წარმოსახვას".
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში საკმაოდ მაღალ ტემპს აჩვენებს. ჩვენ მთლიანად და სეგმენტურად საკმაოდ წარმატებული წინსვლა გვაქვს. რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორები ნეგატიურად მოქმედებენ ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ სავალუტო ფონდის დასკვნაში ისიც წერია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ზრდის ტემპი შემცირდეს და შედარებით ნაკლები იყოს. ანუ, ფაქტობრივად, ის აღიარეს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე გარკვეულწილად, პოზიტიური ნიშნით, თავისი გავლენა მოახდიან საომარმა მოქმედებამ ორ სახელმწიფოს შორის.
საქართველოზე მოქმედებს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გარე ვითარება და ისინი ერთმანეთს აწონასწორებენ, მაგრამ მთავარი დამსახურება და როლი ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში შიდა ფაქტორებზეა, რაც ეკონომიკის დამსახურებად ერთდროულად უნდა მივაწეროთ საზოგადოებას, ბიზნესს და ხელისუფლებას. რომ არა ერთობლივი მოქმედება, ჩვენ ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდით.
სავალუტო ფონდის დასკვნა საკამოდ პოზიტიურია და გარკვეულ ინდულგენციასაც კი აძლევს ქართულ სამეწარმეო გარემოს და ბიზნესსექტორს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ანუ არც ისე ცუდათ არის ეკონომიკაში საქმე, როგორც პოლიტიკური სუბიექტები გარედან ცდილობენ მის წარმოსახვას.
საერთოდ, ბიზნესს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ისტორიულად, თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტიქტი გაცილებით ძლიერად აქვს განვითარებული, ვიდრე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის, ნების, სურვილის და გადაწყვეტილების გამოხატულება, ამიტომ საქართველოს ეკონომიკას ბოლო წლებში დაგროვილი აქვს საკმაოდ პოზიტიური მუხტი, იმისათვსი, რომ გააგრძელოს განვითარება, მიუხედავად ყოველგვარი ეგზოგენური ნეგატიური ფაქტორებისა", - განუცხადა „რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.
სავალუტო ფონდის დასკვნა შეასაფა კიდევ ერთმა ეკონომისტმა. როგორც გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, მოხსენება საინტერესოა, რადგან ეკონომიკის შეფასება გარე და შიდა გამოწვევების კონტექსტშია განხილული.
„მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად. 2021 წლიდან რეალური მშპ-ს ზრდა საშუალოდ წელიწადში 9%-ს აღემატებოდა, რაც განპირობებული იყო პანდემიის შემდგომი ძლიერი აღდგენით და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სატრანსპორტო მომსახურების სექტორების ძლიერი ზრდით, რასაც მხარს უჭერდა ფინანსური შემოდინება და უკრაინაში ომთან დაკავშირებული სატრანზიტო ვაჭრობა. ამ ტენდენციმ ხელი შეუწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდას და უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირებას. აქვე ავღნიშნავ, რომ ეკონომიკის მაღალი მდგრადობა, ბოლო წლებში სტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ უზრუნველყო, მიუხედავად გასული წლის დასაწყისიდან დაწყებული ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზირებული საპროტესტო გამოსვლებისა და საგარეო ზეწოლისა.
ინფლაცია დაბალი დარჩა მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ძლიერი ლარის წყალობით, ხოლო სახელმწიფო ვალი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა (61%-დან 36%-მდე შემცირდა).
მომავალში, ზრდის პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც გლობალური მშპ ბოლო 30 წლის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზეა, 2025 წელს რეალური მშპ-ს ზრდა, სავარაუდოდ, 7.2%-ს მიაღწევს. მაღალ ზრდას მხარს დაუჭერს ძლიერი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სექტორებში ზრდის გაგრძელება, რის შემდეგაც საშუალოვადიან პოტენციალს, საშუალო წლიურ - 5%-ს მიაღწევს, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
მაღალ ზრდასათან ერთად, ინფლაცია, სავარაუდოდ, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს დაახლოებით 5%-ის დონეზე დასტაბილურდება.
ამასთან, პროგნოზირებული საერთაშორისო რეზერვების თანდათანობითი ზრდას უნდა ველოდოთ, რასაც მხარს დაუჭერს ვალუტის შესყიდვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა. სსფ-ის ანგარიში არის თავისებური სიგნალი ინვესტორებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალდაბანდებების განსახორციელებლად", - უთხრა გიორგი ცუცქირიძემ „რეზონანსს".