
სარემონტო მომსახურების საფასური გაძვირდა, თუმცა მოთხოვნა კვლავ მაღალ დონეზეა. ეს ეხება ძირითადად ბინების სარემონტო სამუშაოებს, მასშტაბურ პროექტებში ხელოსნები ნაკლებად არიან ჩართული, სადაც ტენდენცია საპირისპიროა. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია, ამიტომ ბევრ მათგან დროებით სეგმენტის შეცვლა უწევს და ძირითადად მოქალაქეების შეკვეთებზე მუშაობს.
როგორც სამშენებლო მასალების მაღაზიების წარმომადგენლები, ასევე სარემონტო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალების ფასი მეტნაკლებად დასტაბილურდა, მაგრამ მომსახურების სერვისი კი ფაქტობრივად ყველა მიმართულებით გაძვირებულია.
შესაბამისად, ბინების სარემონტო სამუშაოები 10-15%-ით არის გაძვირებული, საფასო ცვლილებას მოთხოვნის კკლება არ გამოუწვევია ძირითადად იმის გამო, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრის სიმცირე შეიმჩნევა, რასაც სერვისების მიმღები პირები ადასტურებენ.
დიდუბეში მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიის ადმინისტრატორი გელა ხვისტანი ,,რეზონანსთან" ამბობს, რომ ფასები ფაქტობრივად წლიდან წლამდე იზრდება და არსებული მდგომარეობით, 500 დოლარს აჭარბებს.
,,იაფი რემონტის" ცნება ბაზრიდან გაქრა, ფასები მასიურად გაზრდილია. ბინის რემონტის ფასი საშუალოდ 300 დოლარიდან იწყება. მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, 500 დოლარსაც აჭარბებს. წინა წელთან შედარებით, ეს დაახლოებით 10-15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ზოგადად, მომსახურების სეგმენტში ფასების ზრდის ტენდენციაა, რაც სარემონტო სამუშაოებზეც აისახა. რაღაც ეტაპზე ამან მოთხოვნაზეც იმოქმედა, მაგრამ მერე ისევ გამოსწორდა სიტუაცია და ახლა იმდენად დიდი აქტიურობაა, რომ კვალიფიციურ კადრების მხრივ გარკვეული პრობლემა შექმნა, მოთხოვნა-მიწოდების მხრივ გარკვეული დისბალანსია", - აღნიშნა გელა ხვისტანმა.
რაც შეეხება ბინის რემონტთან დაკავშირებით ფასებს ჩაშლილად, ხელოსნების კაფელ-მეტლახის შემთხვევაში 1 კვადრატული ფართის რემონტი 60-70 ლარის ფარგლებშია, როცა ამ სამუშაოს შესრულება ორიოდე წლის წინ 35-40 ლარი ჯდებოდა. რაც შეეხება მღებავის მომსახურებას, 1 კვ/მ ფართის შემთხვევაში, დაახლოებით 20-25 ლარია, ფასი ამ შემთხვევაშიც გაზრდილია. გარდა ამისა, გაძვირდა ელექტრიკოსის მომსახურებას, რაზეც ,,რეზონანთან" ხელოსანმა გიორგი მურუსიძემ ისაუბრა.
,,ბინის რემონტთან დაკავშირებული ყველა სეგმენტში ფასები გაზრდილია. მნიშვნელობა არ აქვს, კომპანიის დაკვეთას ვასრულებთ თუ რიგითი მოქალაქეებისას, ყველგან ანალოგიური ვითარებაა. ადრე 1 კვ/მ ლამინატს თუ 60-70 ლარად ვაგებთ, გაზრდილია სამღებრო სამუშაოების ფასიც და საშუალოდ 1 კვ/მ -ზე 20-25 ლარია. ე.წ. სველი წერტილების მონტაჟი 40-50 ლარის ფარგლებშია, ერთჯერად სამუშაოზე ხელოსნის მომსახურება 50 ლარზე იაფად წარმოუდგენელია. გაძვირების მიუცხედავად, მოთხოვნა მაღალია. მიჭირს თქმა, თუ რას უკავშირდება ასეთი მაღალი მოთხოვნა, როგორც ჩანს, ხალხი დანაზოგს რემონტში ხარჯავს. სამწუხაროდ, მსხვილ პროექტებში აქტიურად არ ვართ ჩართული და ძირითადად მოქალაქეების შეკვეთებზე ვმუშაობთ. შარშან ამ დროს ჰორეკა სექტორის შეკვეთებს ვერ ავუდიოდით, რამდენიმე სასტუმროს რემონტი მაისში უნდა დამეწყო და დღესაც შეჩერებულია. ბიზნესის მხრიდან დიდი პასიურობაა"- გვითხრა ხელოსანმა გიორგი მურუსიძემ.
რაც შეეხება კვალიფიციურ კადრთან დაკავშირებულ საკითხებს, რაზეც სექტორის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება, მომხმარებლებიც ადასტურებენ. თბილისელი ცირა მოდებაძის თქმით, 3-ოთახიანი ბინის რემონტი 60 000 ლარი დაუჯდა, თუმცა შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილოა.
,,ხელოსანს მთელი ორი თვის განმავლობაში ვეძებდი. უმეტესობა დაკავებული იყო, ამიტომ ხელოსანი სოციალური ქსელში მოვიძიე. თითქმის მთელი ფული წინასწარ გადავუხადე, როგორც ჩანს, დამწყები იყო, ყველა სამუშაო იმდენად დაბალი ხარისხით არის შესრულებული, რომ ჩივილიც კი ვცადე, მაგრამ რადგან არანაირი ხელშეკრულება არ გამიფორმებია და მხოლოდ ზეპირი შეთანხმება დავდეთ, ვერაფერს გავხდი. კვალიფიციური კადრის ლოდინი თვეობით მომიწევდა, ამიტომ დავთანხმდი და ახლა ვნანობ. მთელი დანაზოგი რემონტში ჩავდე და ვერ გაამართლა. ზოგიერთი დეტალის შესწორებას თვითონ ვცდილობ, იმდენად უხარისხოდ გაკეთდა. ასქმეს თავიდან რომ ვიწყებდე, ალბათ, რიგში ჩადგომას ვარჩევდი, იმდენად ცოტაა გამოცდილი კადრი. უმეტესობა კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ, ნაწილიც ძვირად ასრულებს შეკვეთას და ისიც დაგვიანებით. 60 000 ლარი დაჯდა ჩემი ბინის რემონტი, ზოგიერთმა მეტიც მომთხოვა, ხელოვნურად გაზარდეს ფასები და ამას ქვეყანაში არავინ არეგულირებს. კერძო ხელოსნების საქმიანობა საერთოდ ნებაზეა მიშვებული", - უთხრა ცირა მოდებაძემ ,,რეზონანსს".