რეზონანსი
07.06.2025

ჩვენმა საზოგადოებამ გაათვითცნობიერა, რომ დამოუკიდებლობის დაცვას და განვითარებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება და სწორედ ამ ძალისხმევას ვეწევით ჩვენ. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება არ ნიშნავს ევროკავშირთან დაცილებას - პირიქით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

„ვიღაცას წარმოუდგენია, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო არ უნდა იყოს, რომ საქართველოს დაახლოება, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი, ევროკავშირთან არ უნდა მოხდეს და საქართველო მარიონეტული მმართველობის ქვეშ უნდა იყოს.

მაგალითად, რატომ წავიდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ?! ევროპა ბიუროკრატიის ნაწილი დაირაზმა, რომ ჩვენ საუკეთესო მიზნებისთვის ვხარჯავთ ფულს საქართველოშიო, მაგრამ ამის გასაჯაროება რუსული მოვლენააო, საოცრებაა. მაგრამ, ფაქტებით აღმოჩნდა, რომ ეს ფული იხარჯება ქვეყნის საშინაო საქმეებში, არჩევნებში ჩარევისთვის, ფერადი რევოლუციების დაფინანსებაში, მათ შორის ზიზღისა და ბულინგის ენის, პოლარიზაციის დამკვიდრებაში. ეს ხომ ფაქტებია, რომელიც უკვე ზედაპირზე დევს და თვითონ მათი აღიარებაც მოჰყვა ამას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გადაფასების პროცესები მიმდინარეობს. 

„ევროკავშირი დარჩება და განვითარდება, როგორც დამოუკიდებელ ერთა, სახელმწიფოთა ერთობა, თუ, როგორც თვითონ ევროკავშირში ამბობენ, გახდება ბრიუსელის ბიუროკრატიის მმართველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული უფლებების მქონე ქვეყნების ერთობა. ამიტომ ეს პროცესი ყველგან ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია. ვხედავთ, როგორ შეეხო ეს საქართველოსაც, ამიტომ ჩვენ აქ ფასეულობით პოზიციაზე ვდგავართ, რომ ევროკავშირი ჩვენ გვინდა სწორედ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანათა და ხალხთა ერთობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×