
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს მოუსმინეს. ლევან იოსელიანმა დეპუტატებს 2024 წლის ანგარიში გააცნო, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა ეხება.
ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე, ფემიციდზე, ფსიქიატრიულ და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებსა და აქციების დროს საპოლიციო უწყებების ქმედებების მონიტორინგის შედეგებზე.
"საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და გახშირებული უკანონო პატიმრობის შემთხვევებში, ასევე საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება, კვლავ გამოწვევად რჩებოდა. მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში, დაწყებით კლასში, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გამოცხადდა. სამწუხაროდ, მშობლიურ ენას ოკუპირებული გალის სკოლებში რიგითი საგნის სტატუსი აქვს. სკოლებში, წინა წლების მსგავსად, ყველა საგანი რუსულ ენაზე და რუსეთის ფედერაციის სკოლებისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ისწავლება. 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო. უფლებადარღვევათა წყება ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა, ასევე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიების გაუტარებლობა, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭვირვებლობამ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის 1 მარტამდე, საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.
სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ, საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემის და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობაზე," - აცხადებს ლევან იოსელიანი.