
ავარიების სიხშირე საქართველოს დემოგრაფიას და ეკონომიკას უდიდეს ზიანს აყენებს. გარდა იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან მოქალაქეები, ზიანდებიან ავტომობილები, ეკონომიკაც ზარალდება და უამრავი ოჯახის კეთილდღეობაც უარესდება.
ცალკე პრობლემაა საცობებში დაკარგული დრო, ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობის ზრდა, რაც სპეციალისტების შეფასებით, საკმაოდ დამთრგუნველ სურათს გვაძლევს, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და მივიღოთ ადეkვატური ზომები მათგან თავდასაცავად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში ჯამში 15 731 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან 14 371 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიაში გადის, ხოლო 1 360 - სისხლის სამართლის კატეგორიაში.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავტოვარაიებს 112 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 763 დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ეკონომიური ზარალის შესახებ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა. მისი შეფასებით, პრობლემა საქართველოსთვის თანდათან მწვავე ხასიათს იღებს. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ოჯახებში ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ, მაგრამ გზებისა და მოწესრიგებული მაგისტრალების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა.
,,სატრანსპორტო სივრცის მონაკვეთზე ინტენსივობა მკვეთრადაა მომატებული, მანქანების მოძრაობა, გადაადგილება და მობილურობა თანამედროვე ყოფის თანმდევი პროცესია. იზრდება ავარიული სიტუაციების რაოდენობა და აქედან მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი ზარალი. პირდაპირი დანაკარგია, რომ ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა ერთი საშუალო ქართული სოფლის მოცულობას უტოლდება. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ავარიებით ზიანდება ჯანმრთელობა და გარკვეული დროიდან ადამიანი კარგავს აქტიური შრომისუნარიანობას.
ეს არის საკმაოდ მძიმე სურათი როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ეკონომიურად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალოდ ერთ შემთხვევაზე 2-3 ფიზიკური დაზიანება მოდის, მათი რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 1500-ს აღწევს. თითოეული ასეთი დაზიანების რეაბილიტაციისთვის მინიმუმ ერთი თვე ან ზოგადად მეტი - თვეები და წლებიც კია საჭირო. როგორც წესი, მანქანით მოძრავი მძღოლების უმრავლესობა ეკონომიურად აქტიური ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შრომითი საქმიანობა. ამიტომ ავარიებისას ასეთი შრომისუნარიანი ადამიანები იღუპებიან ან ჯანმრთელობას იზიანებენ. ეს კი ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგია", - აღნიშნა არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
სტატისტიკოსის განმარტებით, პირველ რიგში, თუკი მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობისადმი მიყენებულ ზარალს დავთვლით და 1500-ს კაცზე თუ ვიანგარიშებთ, საშუალო ხელფასის დონეზე, თვეში სულ ცოტა 3 მილიონი ლარი გამოდის.
,,ეს მინიმალური შეფასებაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით მეტი ადამიანი კარგავს შრომით აქტივობას ეს რიცხვი რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს. ამას უნდა დაემატოს თვითონ სატრანსპორტო საშუალებების მწყობრიდან გამოსვლით მიყენებული ზარალი და ჩვენ მივიღებთ საკმაოდ დიდ ზარალს. სხვა ხარჯებიც არის, მაგრამ ისინი ვერავითარ შესაბამისობასი ვერ მოდის იმ ზიანთან, რასაც ქმედუნარიანობის დაკარგვა ჰქვია.
ავარიები, სამწუხაროდ, ყველგან ხდება. მეტი ყურადღება, სიმკაცრეა საჭირო მართვის უფლების მინიჭების დროს და პარალელურად უნდა მოეწყოს უსაფრთხო გზები, სადაც იქნება ცალმხრივად დაშორებული მოძრაობა. შემხვედრ ტრანსპორტს არ ექნება დაჯახების საშუალება. ეს დამატებით კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
რადგან ავარიების უმრავლესობა ურბანულ ტერიტორიებზე ხდება, ქალაქებში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრნსპორტის, პირველ რიგში, მეტროპოლიტენის მშენებლობა და მთელი დედაქალაქის დაქსელვა. ადამიანისთვის პირობების შექმნაა საჭირო, რომ ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი იყოს ტრანსპორტით გადაადგილება, ვიდრე ვთქვათ, კერძო ავტომობილით. დღეს შესაძლოა ეს ფანტასტიკურად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ ამ მიმართულებით არ ვიმუშავეთ, გზები გადაიჭედება და მოძრაობა შეუძლებელი გახდება. დღესვე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და მუშაობა.
ყველაფერი რომ "საანგარიშოზე ჩამოვყაროთ", ცალკე საცობებში დაკარგული დრო, ავარიებისა და უბედური შემთხვევების მაჩვენებელი, ჯამში საკმაოდ დამთრგუნველ სურათს ვიხილავთ, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და მათგან თავდასაცავად ადეკვატური ზომები მივიღოთ", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ავტოავარიებისგან მიყენებული ზარალის შესახებ გაამახვილა ყურადღება პლკატფორმა ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ხელმძღვანელმა გიორგი ჯაფარიძემ. ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მან დაადასტურა, რომ ავტოავარიებისგან ბოლო წლებში მიყენებული ეკონომიკური ზარალი კოლოსალურია.
,,ზარალი მართლაც კოლოსალურია. ასეთ დროს ბევრი ნიუანსია. ავარიების დროს ხშირია შემთხვევები, როცა მფლობელებს არ ჰყავთ ავტომობილები დაზღვეული. უწევთ ჯარიმების გადახდა, ავტომობილების შეკეთება. გაჩნია ავარიის მასშტაბს, რა ეტაპზე და რა დონეზეა დაზიანებული ესა თუ ის მანქანა. ამას ემატება სხვა ავტომობილის შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯებიც. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იღუპებიან ადამიანები, ზოგ შემთხვევაში კი, უბედური შემთხვევების გამო , უმუშევრები ან შრომისუუნაროები ხდებიან. ასევე, ხშირია პატიმრობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა დაკარგა სამსახური და ამას გარდა, შესანახია სახელმწიფოს მხრიდანაც.
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ეკონომიკური ზარალიც კოლოსალური იქნება. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი კვლავ მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად, ხშირ შემთხვევაში ოჯახები მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან. ზარალდებიან მოქალაქეები და რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ფრთხილად ვიაროთ. თავიდან ავიცილოთ მასობრივი ავტოსგზაო შემთხვევები, რაც სამწუხაროდ, ასე ხშირია", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი ჯაფარიძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში მოხდა. ავარიების კატეგორიებიდან ყველაზე მეტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, მასზე 1455 შემთხვევაა, შემდეგ ფეხით მოსიარულეების შემთხვევებია - 440, ასევე დიდი მაჩვენებელია მოტოციკლის შემთხვევაში - 193. ავარიების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებში, პირველ რიგში, მოხვევის მანევრი სახელდება, მასზე 325 შემთხვევა მოდის. შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევის 293 ფაქტი ფიქსირდება. 259 შემთხვევა კი დისტანციის დაუცველობას უკავშირდება, ხოლო 216 ქვეითის მიერ გზაზე გადასვლის წესების დარღვევაა. მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებაზე 161 შემთხვევა მოდის.