
დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ზუსტად 107 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ისტორიულ თარიღს ქვეყანა საზეიმო ღონისძიებებით ხვდება
თბილისსა და რეგიონებში 26 მაისი განსაკუთრებულად აღინიშნება. ფიცს დადებენ წვევამდელები. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. სადემონსტრაციო გადაფრენას შეასრულებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.
მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერება შეეძლება.
საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე ერთი საათი რჩება. ზუსტად 11:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ფიცის დადების ცერემონია რეკრუტების მხრიდან. 700-მდე რეკრუტი დადებს დღეს ფიცს სამშობლოს წინაშე და შეუერთდება თავდაცვის ძალებს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება 26 მაისის ღონისძიებიდან.
საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა გენერალური შტაბის G3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ბაციკაძემ.
"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ ქართველს - ეს მართლაც უდიდესი მონაპოვარი, რასაც დამოუკიდებლობის დღე ჰქვია. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე, იქნება დროშის აღმართვის ცერემონია, შემდგომ სახელმწიფო ჰიმნი, რასაც მოჰყვება ფიცის დადების ცერემონიალი. აქ მობრძანებულ სტუმრებს , შეუძლიათ ფიცის დადების ცერემონიალს თვალი მიადევნონ ლაივ რეჟიმში, ასევე ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან. გამოდენილია თავდაცვის ძალებში არსებული ადგილობრივი და უცხოური წარმოების ჯავშან-ტექნიკა, სხვადასხვა დანიშნულები, ასევე ეროვნული წარმოების ჯავშანმანქანა "დიდგორი", - განაცხადა ვახტანგ ბაციკაძემ.