
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ყოველი მსგავსი დაბომბვით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვშია.
„ყოველი მსგავსი დაბომბვით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვშია. უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა - როგორც სრულად, ასევე ცაში. ეს ყველაფერი უგულვებელყფილია. აშკარაა, რუსეთზე საჭიროა გაცილებით ძლიერი ზეწოლა, რომ იყოს შედეგი და დაიწყოს რეალური დიპლომატია. ჩვენ ველოდებით სასანქციო ნაბიჯებს აშშ-სგან, ევროპისგან და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ მხოლოდ დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს, ცეცხლი შეწყვიტოს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და მხარს გვიჭერს", - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული ღამე კიევში რთული იყო. მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 250 დრონი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანული „შაჰედებია", ასევე 14 ბალისტიკური რაკეტა. ზელენსკის ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები. დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმის, ხარკოვის, დონეცკის, კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.