
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ ჩოგოვაძე დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს – 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გელა სიორდია “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა.
“თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ”, – განაცხადა ადვოკატმა.