რეზონანსი
21.05.2025

„დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქევყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებიან და იყენებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზს, რათა ხანგრძლივი ვადით დარჩნენ“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პირველ არხზე გამოსვლისას. 

მან ხაზი გაუსვა, არსებობს რისკი, რომ გარკვეულმა მიგრაციულმა ნაკადებმა საქართველოში გადმოინაცვლოს, რადგავ ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობა.

მისი თქმით, ყველა მექანიზმი, რომელიც პრაქტიკაში გამოვლინდა, რომ იყო ხვრელი კანონში და იყენებდნენ კონკრეტული პირები ქვეყანაში ლეგალურად ხანგრძლივი ვადით დარჩენის მიზნებისთვის, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება და იქნება კონკრეტული გამართული მექანიზმები, რომლებიც უწყებას საშუალებას მისცემს, ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარი არ ესაჭიროებათ, დროულად ეთქვათ უარი და დაიწყოს გაძევების პროცედურა.

„გარდა ამისა, შემოდის სახდელის, ანუ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – ქვეყნიდან გაძევება, რომელსაც გამოვიყენებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორებიც არის, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. საზოგადოება ხედავდა, რომ არაერთი უცხოელი მონაწილეობდა გასული წლის აქციებზე, მათ შორის, რამდენიმე მათგანი პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ და მოგვიწია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს“, – განაცხადა დარახველიძემ.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სისხლის სამართალშიც ემატება სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა, რომელიც გამოიყენება საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ნებისმიერი სხვა დანაშაულისთვის, რომელსაც უცხოელი ჩაიდენს.

„არის კონკრეტული ვადები. თუ, ვთქვათ, ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, შედარებით მცირე ვადებია, 5-დან 10 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის უვადო შეზღუდვაც კი შეიძლება დაწესდეს“, – განაცხადა დარახველიძემ.

ამასთან, დარახველიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს, როგორიცაა დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და მნიშვნელოვნად მკაცრდება ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, ვინც უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×