
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „რადიო თავისუფლებას“ 5,5 მილიონი ევრო გამოეყოფა მათი მუშაობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუმცა საუბარია მოკლევადიან დახმარებაზე და არა გრძელვადიან დაფინანსებაზე.
„გაუფილტრავი კონტენტის ზრდის ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ მიხარია, გამოვაცხადო, რომ ვამზადებთ 5,5 მილიონი ევროს კონტრაქტს დემოკრატიის ევროპულ ფონდთან, რომელიც მხარს დაუჭერს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ეს არის მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსება, რათა მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“, – აღნიშნულია კალასის განცხადებაში.
ამასთან, კაია კალასის თქმით, გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გადაწყვეტილების მოძებნა. თუმცა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, თავისუფალი მედიის მხარდაჭერა რჩება ევროკავშირის ინვესტიციების სტრატეგიულ მიმართულებად.
მაისის დასაწყისში შვედეთის ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად 1,84 მილიონი ევრო გამოყო. ცნობისთვის, მანამდე „რადიო თავისუფლება“ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი სახსრებით ფინანსდებოდა ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით. 2024 წელს რადიო თავისუფლების ბიუჯეტი 142 მილიონ დოლარს შეადგენდა.