
სარწყავი სისტემების განვითარება სოფლის მეურნეობის პროექტებში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ,,ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ეხება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ცვლილებაა, რომელიც მოიცავს როგორც პროექტების გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ასევე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გამარტივებას და მანამდე არსებული პირობების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ მოსავლიანობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის წინაპირობა უნდა გახდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძე დეტალურად ისაუბრა. როგორც ირკვევა, პროგრამა განხორციელდება საგარეჯოს, გორის, ქარელის მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელზე და სოფელ კაჭრეთზე.
გარდა იმისა, რომ გაფართოვდა პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი, პროგრამაში შესული ცვლილებებით, გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი. პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება განისაზღვრა 50%-ით, ახალგაზრდებისათვის - 55%-ით, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის - 60%-ით. ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.
,,ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მისი გავრცელების არეალის გაფართოებაა. 2024 წელს პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ათ სოფელს ფარავდა, ახლა უკვე გორის, ქარელის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთს მოიცავს.
გარდა ამისა, საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება. ამ შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით და მერყეობს 1000 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში.
"იმისათვის, რომ პროგრამამ მოიცვას რაც შეიძლება მეტი ბენეფიციარი, მიწის ფართობის სავალდებულო მინიმუმთან დაკავშირებითაც განვახორციელეთ ცვლილება და 0.5 ჰა - დან 0.2 ჰა- მდე შევამცირეთ. ველოდებით, რომ ხელმისაწვდომობის გამარტივება ბენეფიციარებს მნიშვნელოვნად წაახალისებს და მათ აქტივობებზეც აისახება. ჩვენი მიზანია, აქ მცხოვრებ ფერმერებს კიდევ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ, რომ დაკავდნენ სოფლის მეურნეობით და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან ", - განაცხადა თორნიკე კაპანაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
პროგრამა საკმაოდ დიდია და მოიცავს შვიდ მიმართულებას, როგორიცაა, წვეთოვანი და დაწვიმების სარწყავი სისტემები, აგრომეტეოროლოგიური სადგურები, მზის პანელები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (მისაბმელები და ხელის ტრაქტორები, ე.წ. მოტობლოკები).
თორნიკე კაპანაძემ ყურადღება ტექნიკურ მახასიათებლებზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, თანადაფინანსების მოცულობა ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით განსხვავებულია და 1000 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
,,გამოცდილება აჩვენებს, რომ მცირეგაბარიტიანი ტექნიკის მიმართ ინტერესი დიდია. ამ მიმართულებით გასულ წელს მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდა და წელს კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თანხის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებითაც. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). აღნიშნული სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით იქნა შეტანილი", - განუცხადა თორნიკე კაპანაძემ ,,რეზონანსს".
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში, სააგენტოს მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა ტიპის მექანიზმების შექმნა, რომლის ნაწილი ორიენტირებულია წარმოების ზრდაზე, რათა აგრარულ სფერო იყოს კონკურენტუნარიანი, ხალხს გაუმარტივდეს სოფლის მეურნეობაში მუშაობა და მეტი შემოსავალი მიიღონ. თავის მხრივ, ფერმერებსაც მეტი მოტივაცია უჩნდებათ, რომ აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში და მოსავლიანობა გააუმჯობესონ.
,,ირიგაციის გარეშე მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. ამიტომ არის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული და ხელს უწყობს, რომ სარწყავი სისტემის საკმაოდ დიდი ნაწილის რეაბილიტაცია მოხდეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პროდუქტიულობის ზრდას, ექსპორტის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება.
ვფიქრობთ, რომ მაღალი აქტიურობა იქნება, არეალის გაფართოება სერიოზულ გავლენას მოახდენს ბენეფიციარების მხრიდან ხელმისაწვდომობის ზრდაზეც.
ჩვენ 2013 წლიდან ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს, დღეს უკვე სახელმწიფოს 20-ზე მეტი პროექტი აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ,,შეღავათიანი აგროკრედიტი", რომლის ფარგლებშიც გაცემულ სესხების პროცენტის ნაწილს ვასუბსიდირებთ.
გარდა ამისა, გვაქვს საგრანტო პროექტები და ვფარავთ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, როგორიცაა პირველადი წარმოება, ასევე გადამუშავება და შენახვა", - დასძინა თორნიკე კაპანაძემ ჩვენთან საუბრისას.
,,ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 28 აპრილს დაიწყო. პროგრამით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე, მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა.
,,პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთდროულად ისარგებლოს რამდენიმე პროგრამით. მაგალითისთვის, აიღოს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი" კონკრეტული მიზნობრიობით და ასევე გრანტის კომპონენტით ისარგებლოს.
ყველაფერი კეთდება, რომ სწორი და დროული ინფორმაცია მივიდეს პოტენციურ ბენეფიციარებამდე, ამისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ კარდაკარის პრინციპითაც, ვრცელდება ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზეც მედიის საშუალებითაც, ინფორმაციის გავრცელების ნაწილში გამოწვევებს მაღალ დონეზე ვპასუხობთ", - განაცხადა თორნიკე კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა სახელმწიფოს სახსრებით და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ შემადგენელი ნაწილია. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1,5 მლნ დოლარს შეადგენს.