
მდინარე მტკვარში სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს – ბოლო ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ეძებენ 25 წლამდე ასაკის სამ ახალგაზრდას, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ.
ავტომანქანის მდინარეში გადავარდნის მომენტს იხსენებს ერთ-ერთი მოქალაქე „ტვ პირველთან“ საუბარში:
„ხმა რომ გავიგე, მაშინვე ჩავვარდი და სასწრაფოში დავრეკე, გოგოები იყვნენ გადმოსულები და ტიროდნენ: უკნიდან მოდიოდა BMW-ს მარკა [ავტომობილი], შეასკდა მანქანას, რომელიც მოტრიალდა და მტკვარში გადავარდა.
ორი ადამიანის თავი ჩანდა, ერთ-ერთი ქორწინების სახლთან ამოიყვანეს, მეორეს ამოყვანა ვერ შეძლეს, ალბათ, წყალმა წაიღო, მეტი არაფერი ვიცი. სანამ გზაზე გადავედი, უკვე ჩაძირული იყო, მხოლოდ უკანა ფარები ჩანდა“, - იხსენებს მოქალაქე.
მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, დღეს მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ბუნებრივ ნიშნულამდე შეამცირეს.