
"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაკისრებული გირაოს გადახდას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ მკაფიო პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც უშუალოდ გირაოს გადახდის თარიღი მოვა.
მე არ ვაპირებ და არც არასოდეს ვაპირებდი და არც მომავალში ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას და არც წავსულვარ. მსგავსი რამ რომ მეფიქრა, არც თავის დროზე გადავიხდიდი იმ გირაოს. ჩემი აზრით, კომპრომისი არ შეიძლება, საკუთარ თავთან, სინდისთან არ შეიძლება.
არ არსებულ პარლამენტში 10 კაცი შეიკრიბა და იქვე საკუთარ თავს დაარქვეს საგამოძიებო კომისია, მერე გიბარებენ და შენ სამართლიანად არ მიდიხარ. ამის მერე გაკისრებენ 50 000-ლარიან, 20 000-ლარიან ჯარიმებს და მერე გიჭერენ. მე მიმაჩნია, რომ უკომპრომისობა ამ ნაწილშიც არის უმნიშვნელოვანესი... წულუკიანს და იქ ვიღაცებს მოუნდათ, რომ 20 000, 40 000 ვიხადოთ, რატომ უნდა გადავიხადოთ", - ამბობს ნიკა მელია.