რეზონანსი
14.05.2025

პარლამენტმა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენითაც მიიღო - კანონპროექტს მხარი "ქართული ოცნების" 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

რას ითვალისწინებს კანონი?

კანონის ამოქმედების შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილს მიეცემა უფლება, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი დაემატა. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.

პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გაწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან.

კანონში მიღებული ცვლილების თანახმად, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა.

ამავე კანონით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×