
რაც მახსენდება, განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ მან ხელი გაარტყა პოლიციელს. თუ აღმოჩნდება, რომ ხელი არ გაურტყია პოლიციელისთვის, აუცილებლად მოვიხდი ბოდიშს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მზია ამაღლობელის სარჩელთან დაკავშირებით. საუბარია სარჩელზე, რომლითაც ამაღლობელმა ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა.
„თუ აღმოჩნდება, რომ ჩემი რომელიმე ფრაზა არის ტყუილი, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე ტყუილი მეთქვას, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მართლა მიმაჩნია, რომ ეს იყო განზრახული მოქმედება პოლიციელის დისკრედიტაციის მიზნით, პოლიციის იმიჯის წინააღმდეგ, რომ კონკრეტულად პოლიციის უფროსს ხელი გაარტყა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო განზრახ მოქმედება. თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციის უფროსი არ იყო ის ადამიანი, ან ეს არ იყო მზია ამაღლობელი, ან ხელი არ გაურტყია, აუცილებლად მოვიხდი ბოდიშს. ეს ადამიანები, არამხოლოდ მზია ამაღლობელი, დავალებით მოქმედებენ. წარმოუდგენელია სხვანაირად იმის კეთება, რასაც ეს ხალხი აკეთებს. ფაქტია, რომ მზია ამაღლობელი იმ აგენტურულ ღონისძიებებში, რაც საქართველოში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება, იმ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობას იღებდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ხელი დაარტყა პოლიციის უფროსს. დანარჩენი არის შეფასების, აღქმის, განცდის თუ ემოციის საკითხი. ფაქტი ერთია და მისი შეფასება ჩემი საქმეა და ახლა თქვენ თუ იმაზე საუბრობთ, ეს დანაშაულია თუ - არა, მე ამაზე არ მისაუბრია. ყველა იურისტს აქვს გონებაში თავდაცვის ინსტინქტი, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაარღვიოს, მეც იურისტი გახლავართ და არასდროს მითქვამს, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ის არის სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც იტყვის საბოლოო ჯამში განაჩენი. ფაქტია, რომ მან ხელი დაარტყა პოლიციელს“, - განაცხადა მდინარაძემ.