
სადგურის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცს დანა ყელში ჩაარტყეს. შემთხვევა ყოფილი სასტუმრო "კოლხეთის" წინ მოხდა.
"როცა მივედი, მამაკაცი უკვე ძირს ეგდო, ახალგაზრდა გოგონა კი ხელოვნურ მასაჟს უტარებდა, ხელები სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და მის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ამ კაცის თვალებს რომ შევხედე, მივხვდი, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა.
ნიკაპის ქვემოთ ჭრილობა ჰქონდა, გვერდულად იწვა და სულ სისხლში იყო მოთხვრილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც გავიგე, აქ მომუშავე ხალხი იცნობდა და მას დადებითად ახასიათებენ, მარტყოფის სოფელ ნორიოდანაა და მესაფლავე ყოფილა.
სანამ გოგონა მის დახმარებას ცდილობდა, მამაკაცის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა, პოლიციელმა ჯიბიდან ამოუღო და მან უპასუხა, ვინაობა ჰკითხა, გამოკითხა მოკლულის ვინაობა - ემზარი ერქვა, ახლობელს პოლიციელმა უთხრა, ამა და ამ ადგილას მოდითო, თუმცა დაღუპული რომ იყო, ეს არ უთხრა - ცუდად არისო. მერე სასწრაფოც მოვიდა და დააფიქსირეს გარდაცვალება.
მე თვითონ შვილმკვდარი ქალი ვარ და ამ საშინელ ამბავს რომ შევესწარი, ძალიან განვიცადე. ვუსამძიმრებ მამაკაცის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას", - ჰყვება ერთ-ერთი ქალბატონი.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა "კვირის პალიტრას" უთხრა, რომ მოკლული მამაკაცი ლუდით ხელში საცხობის წინ მდებარე მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა, გახსნილიც არ ჰქონდა, დალევა უნდოდა. ამის გამო, საცხობში მომუშავე მამაკაცმა მას შენიშნვა მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგან თუ იქ არაფერს შეიძენდა, ისე დაჯდომის უფლებას არ მისცემდა. მამაკაცი შეპასუხებია, რა მოხდება ცოტა ხანს ვიჯდებიო, რასაც შელაპარაკება მოჰყვა და საცხობის თანამშრომელმა შაურმის დანა ყელში ჩაარტყა მიაყენა.
„როგორც ჩანს, ტელეფონზე შვილმა დაურეკა, ადგილზე მოვარდა და ყვიროდა, "მამა, მამაო", მერე პრეზექტურაში წაჰყვა. არაადამიანურად ღრიალებდა, დავიწვი მისი საცოდაობით", - განაცხადა თვითმხილველმა.
"კვირის პალიტრა"