რეზონანსი
01.05.2025

 იშვიათ მინერალებზე შეთანხმება მიღწეულია - ვაშინგტონმა და კიევმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კონტროლი კიევს რჩება და სწორედ ის განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს შტატებმა. ასევე, წიაღისეული საკუთრებაში რჩება უკრაინას.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ორ ქვეყანას საშუალება ეძლევა ერთობლივად იმუშაონ, რათა საერთო აქტივებმა და შესაძლებლობებმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დააჩქაროს. დოკუმენტის მიხედვით, აშშ და უკრაინა თანასწორუფლებიანი პარტნიორები იქნებიან. ფონდი კი 50/50 პრინციპით შეიქმნება. მასში არ არის საუბარი უკრაინის ვალდებულებებზე შტატების მიმართ. ახლა შეთანხმებას რადას რატიფიცირება სჭირდება.

კმაყოფილია დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებით 350 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას ელოდება. ეს სწორედ ის თანხაა, რომლითაც მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დაეხმარა.

უკრაინამ ამერიკასთან წიაღისეულზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დრომდე ჩიხშია. სწორედ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს ისევ უკრაინის პრეზიდენტი.

ომი კი უკვე 1163-ე დღეა გრძელდება და ბრძოლას ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ღამით საჰაერო განგაში უკრაინის 14 რეგიონში გამოცხადდა. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე, სადაც თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები, სკოლა და მაღაზია. თავის მხრივ, თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს რუსეთიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×