
გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები და მაღალი ეკონომიკური პარამეტრები - პრემიერ-მინისტრი იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს. ირაკლი კობახიძე ამბობს,რომ მყარი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა ქართული ოცნების მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
არსებული ეკონომიკური ფონის შენარჩუნება და განვითარებაა მთავარი ვიცე-პრემიერისთვისაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები დეზინფორმაციის გავრცელებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობენ.
ხელისუფლების ოპონენტები ბრალდებებს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული მონაცემები, რეალობას არ ასახავს.
ოპონენტების ეს განცხადებები, ეკონომიკური პროცესების შეგნებულად დაზიანების მცდელობაა - აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს განმარტა, რომ კონკრეტული პირები, კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ და ამ ფორმით ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას და პანიკის დათესვას ცდილობენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წლის მარტის თვეში, ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტით განისაზღვრა. სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის , საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც 2025 - 30 წლების საშუალოვადიან პერიოდში 5.2 პროცენტს შეადგენს.