რეზონანსი
24.04.2025

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

კალაძის თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და „გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების“ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა.

„ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. თქვენ, რადიკალები უმცირესობაში ხართ. ძალიან ცოტა ხართ და ამაზე შეგუება მოგიწევთ. 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც“,- განუცხადა კალაძემ ჟურნალისტს.

თბილისის მერმა ასევე ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა „გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატებს“ დააკისრა.

კახა კალაძის შეფასებით, ისინი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება. ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას, გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა, ევროპელმა ბიუროკრატმა. ეს თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად უნდა გაითავისონ. ჩვენ ბევრი ასეთი რეზოლუცია გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, ახლა ვიზალიბერალიზაციით და ასოცირების შეთანხმებით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და შესრულებული ვალდებულებებით. ყველაფრით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მაგალითად, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი და გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ სხვა მოცემულობაა- საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ. მხედველობაში მაქვს ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ქართველმა ხალხმა უთხრა მათ არა. რა თქმა უნდა, ეს აგიჟებთ მათ და ამიტომ არიან გაგიჟებული, ხან ვიზალიბერალიზაციით გვაშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით და ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით“,-განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×