
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში გლოვაა. იქ მცხოვრები ახალგაზრდა კაცი და მისი მოზარდი შვილები ტრაგიკულად დაიღუპნენ.
გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის ბიჭები. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ იპოვეს. გია ბურნაძე და მისი ორი ვაჟი სტუმრად იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონში, სოფელ სოფელ ფოლადაანთკარში, სადაც ტბაში დაიხრჩვნენ. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ისინი სათევზაოდ იყვნენ წასულები.
"ჩვენს სოფელში დატრიალდა ეს ტრაგედია. მოსახლეობა დიდი ხანია, ვითხოვთ ამ ტბის გაუქმებას, ეს არ არის ტბა, ეს არის წყალსაცავი იმისთვის, რომ მოირწყას ჩვენი და კიდევ რამდენიმე სოფელი. არანაირი ნაპირი არ გააჩნია, სიღრმე მინიმუმ 7 მეტრი ექნება და ზედ დგას სკოლა. ახლა სკოლას გაავლეს ღობე, მანამდე სულ ღია იყო, ბავშვები უკან გადიან და ბანაობენ. შეიძლება სკოლის დროს არ გადიან და სკოლა აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ გაკვეთილების დამთავრების მერე გადადიან იქ ბავშვები და ჩადიან საბანაოდ. ერთი შვილი მყავს და რომ გავიგე იქ იყო ჩასული, ეს ამბავი შოკი იყო ჩემთვის.
ნაპირი საერთოდ არ აქვს, პირდაპირ ხტებიან წყალში და პირდაპირ შედიხარ სიღრმეში. ადრეც დატრიალდა აქ ტრაგედია. 18 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ. მაშინ მოხდა ასეთი ფაქტი სოფელ გამარჯვებიდან ბავშვები გამოპარულან ველოსიპედით ჩვენს სოფელში, დედას ეგონა ბავშვი ეზოში თამაშობდა. მაშინაც ის ბავშვი ტბაში რომ ჩავარდა გული გაუსკდა და იქვე დაიღუპა 9 წლის იყო. რამდენი ხანია ვითხოვთ მოაწესრიგონ აქაურობა ისე, რომ არ იყოს საფრთხის შემცველი.
თუ არ იქნება იქაურობა დაცული, მაშინ დააშრონ საერთოდ ეს წყალსაცავი, არ გვინდა ასეთი საშიში ადგილი. ახლა წუხელ გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ. უამრავი პოლიციელი იყო მოსული და გავიგეთ, რომ მამა და მისი შვილები დაიხრჩვნენ. ახლა შეწუხდა ხალხი ისევ და ითხოვენ რომ მიხედოს ხელისუფლებამ არ პრობლემას. ზოგჯერ ნასვამი ადამიანი შედის. ჯობია გაუქმდეს ეს წყალსაცავი", - განუცხადა "ამბებს" ადგილობრივმა.
ambebi.ge