რეზონანსი
14.04.2025

ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთპატიებისა და ურთიერთმიტევების გაგონება არ უნდათ. იცით რატომ? იმიტომ, რომ იქნებ ეს ნაპრალი კიდევ უფრო დიდი გახდეს და სულ ჩამოკიდებული გვქონდეს ეს ბოროტება ოკუპაციის სახით, რომ მერე ამაზე იაპელირონ რამენაირად და ადამიანების ემოციაზე ითამაშონ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა ამ ქვეყნის და ხალხის გაერთიანების არის ურთიერთმიტევება, ურთიერთპატიება და შერიგება.

„გარედან თავი რომ დაგვანებონ ამ ქვეყანას ცოტა ხანი. ყველამ თავი რომ დაგვანებოს, ერთი თვე ვერ გაძლებენ. ეს არის გარედან წახალისებული ფაშიზმი. ავალებენ, რომ ქალ პოლიტიკოსს, რომელსაც იციან რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, სახლთან უნდა გაუმართონ აქცია და თქვენ წარმოიდგინეთ ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას იკადრებდნენ და რას აკადრებენ თითოეულ ჩვენგანს, თქვენგანს, ქართულ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ისინი მიუღებლები არიან. არათუ აგენტები, მიუღებლები არიან უბრალოდ. ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, ყველაფერზე წამსვლელები და ჩვენც ვიბრძვით იმისათვის, რომ ასეთი ხალხის, ასეთი ბოროტმოქმედების ხელში არ ჩავარდეს ეს ქვეყანა. რომლებიც მზად არიან, პირველივე დავალებაზე შევარდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენს დებსა და ძმებს გაუხსნან ცეცხლი, რომელი ცეცხლიც იქნება მათი განწყობის გამოვლინება.

სეპარატიზმს ეროვნება არ აქვს. სეპარატისტი შეიძლება იყოს ყველა ეროვნების წარმომადგენელი. შენ თუ შერიგება გინდა და შენ თუ განზრახ არ აღვივებ ამ შუღლს, ეროვნებით არ უნდა ილაპარაკო, უნდა ილაპარაკო ოკუპანტზე, დამნაშავეზე, მკვლელზე, მწამებელზე. და სეპარატიზმზე კი ბატონო და სეპარატისტზე, რომელიც ხან ოსი, ხან აფხაზი, ხან ქართველი, ხან რუსი და ხან სხვა ეროვნების წარმომადგენელია. მკვლელი, ქართველი იქნება თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, თუ აფხაზი და ოსი ამას მნიშვნელობა არ აქვს.

სეპარატისტს უნდა უთხრა, რომ შენ ხარ სეპარატისტი, მაგრამ შეიძლება თქვა, რომ ყველა ოსი, ყველა აფხაზის სეპარატისტია? ვიღაცას თვალწინ რომ მოუკლეს შვილი, მათ რომ გენოციდი დაგვაბრალონ სწორი იქნება? სპეციალურად ვავითარებ ამ ბინძურ ლოგიკას, რაც არ უნდა ვკადროთ ერთმანეთს. დღეს რომ გამოდიან და ბოდიშის მოხდა ვისთან შეათანხმეთო ამბობენ, ვინმემ თქვა ოკუპანტს მოვუხადოთ ბოდიშიო ან სეპარატისტს რომელიმესო?! ურთიერთპატიებაზე და ურთიერთმიტევებაზე გაგონება არ უნდათ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის. იცით რატომ? სიტყვებს ასე რატომ ატრიალებენ? რომ იქნებ ეს ნაპრალი კიდევ უფრო დიდი გახდეს და ვერასდროს შევიდეთ და სულ ჩამოკიდებული გვქონდეს ეს ბოროტება ოკუპაციის სახით, რომ მერე ამაზე იაპელირონ რამენაირად და რაღაც ადამიანების ემოციაზე ითამაშონ.

კიდევ ერთხელ, ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვეუბნებით ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, რომ ერთადერთი გზა ამ ქვეყნის და არა მხოლოდ ქვეყნის, ჩვენი ხალხის გაერთიანების არის ურთიერთმიტევება, ურთიერთპატიება და შერიგება. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, იმიტომ, რომ როდესაც შენ თავს გესხმიან, ქართველზე მაგრად და კარგად ბრძოლის მნიშვნელობა არავის ესმის. როცა სხვა გზა არ გექნება, ქართველზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს. მაგრამ შენ რომ გინდა რომ ძალით მაომო და მე გამომიყენო როგორც გასაწირი პაიკი ძალიან დიდ ბინძურ თამაშში, მე ამაში არ მოგყვები. ეს არის ჩვენი რეალური სახელმწიფოებრივი და ეროვნული პოზიცია. ამიტომ არის ჩვენი დამოკიდებულება ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობას",- აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×