
მიმდინარე კვირა სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება - ხანმოკლე წვიმა, ქარი, ხანაც მზე და თბილი ამინდი. ახლა ე.წ. ნასესხების დღეებია და 18 აპრილამდე კვლავ დაბალი ტემპერატურა და ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე ამბობს, რომ 19 აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
„ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვების შემდეგ შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, 30 გრადუსამდე, უფრო დასავლეთ საქართველოში, თუმცა გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, შემდგომ დღეებში ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება“, - განაცხადა სინოპტიკოსმა.
რაც შეეხება აღდგომის დღეებს, 20 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით და თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +20 +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. 20 აპრილს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.