
გივი თარგამაძემ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად პროკურატურაში დაიბარეს, სადაც არ მივიდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.
როგორც გივი თარგამაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, არ ცნობს როგორც პროკურატურას, ასევე დროებით საგამოძიებო კომისიას. პოლიტიკოსი პარლამენტში სამ აპრილს დაიბარეს.
„ერთი კითხვა იყო ვიყავი თუ არა ინფორმირებული იმ საჯარიმო სანქციებზე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა და დაუდასტურეს რომ ვიყავი ინფორმირებული. ასევე იყო კითხვა, თუ რატომ არ მივედი და იმიტომ, რომ მაქვს სრული უფლება სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი. ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი და შესაბამისად, ასევე სრული უნდებოდით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია,"- აცხადებს თარგამაძე.
ცნობისთვის კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.