
რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს "ჩირინასგან" ნაყიდ ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში და იყენებდა თუ არა მერეც პირუტყვის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს? ბიზნესმენმა „წერტილში“ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ, კომპანია „ყვარლის ბაგას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ 2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა; თუმცა როგორც ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.
„ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულად არის ეს თემა წამოწეული. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რატომღაც დღეს, 6 წლის წინანდელი ამბავი წამოვწიეთ - რა მოხდა და როგორ და, არავინ არაა ამით თავატკივებული, ან გემო არ მოსწონს... ამ თემას დაზარალებული არ ჰყოლია არც მაშინ და დღემდე.
2015-2020 წლებში გვყავდა ებრაელი მენეჯერი და 2018-2019 წლებში საქონლის კვების რაციონში ვიყენებდით ქათმის ნაკელს. ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც - https://www.feedipedia.org/node/66. ებრაელმა კონსულტანტმა როცა დააყენა ეს საკითხი, იმდენად არგუმენტირებულად თქვა, ვერ შევეწინააღმდეგეთ. თვითონვე შემოიარა ფერმები საქართველოში და თქვა, რომ ვერ მივიღებ ამ ფერმებისგან [ნაკელსო]; მაშინ ჩემი რჩევა იყო - „ბიუ-ბიუს“ ფერმა ნახე?! ის უფრო ევროპული სტანდარტისაა“. რამ მათქმევინა... ებრაელი მენეჯერი წავიდა, ნახა და თქვა - „ესენი უფრო კარგები არიანო, ხარისხიანი ფერმააო“...
სულ 1 წელი იყო ეს ქეისი... დაახლოებით, 7-8 თვე იკვება საქონელი [ქათმის ნარჩენით], რაც პროტეინის შემცველი დანამატია ეს და ინდუსტრიისთვის ცნობილია. საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახავთ, რომ ქათმის ნარჩენი [საქონლის კვების რაციონში] დღესაც ბევრ ქვეყანაში მოიხმარება...
feedipedia-ში ნახავთ, რომ მერძეულ მესაქონლეობაში [ქათმის ნარჩენის] გამოყენებას არც გემოზე და არც სხვა მაჩვენებლებზე არ აქვს გავლენა. როგორც კი, აღმოვაჩინეთ ანტიბიოტიკი, საერთოდ ამოვიღეთ კვების რაციონიდან და არ ვიყენებთ", - განაცხადა პაპაშვილმა.