რეზონანსი
08.04.2025

მკვლელობის უმძიმესი ისტორია და მსჯავრდებული, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა შესაძლოა უვადო პატიმრობით შეეცვალოს. 34 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცოლი გამთენიისას საწოლში მოკლა. თანაც იმ დროს, როცა დედა 4 თვის შვილთან ერთად იწვა. ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ახლა კი, სააპელაციომ მკვლელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა 14 თვიანი დუმილი სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია. თქვა, რომ 20 წელი სამართლიანად მიუსაჯეს, თუმცა ისიც თქვა, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.

ბრალდებულის იმედი გამართლდა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის მისჯილი 20 წელი მკვლელობისთვის და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში - გამამართლებელი გადაწყვეტილებაც.

მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახი ელოდა, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროკურორისთვის. ახლა პროკურორი მკვლელისთვის უვადო სასჯელს უზენაეს სასამართლოში მოითხოვს.

ქეთის დედა და და ემიგრანტები იყვნენ. მომხდარიც საზღვარგარეთ შეიტყვეს. საბუთებში პრობლემების გამო, 6 წლის უნახავი, სასტიკად მოკლული შვილის დაკრძალვაზე დედამ ჩამოსვლა ვერ შეძლო - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნება მოახერხა, ობლად დარჩენილ შვილიშვილს ზრდის. დარწმუნებულია, რომ ქეთი მკვლელობამდე ძალადობის მსხვერპლიც იყო, თუმცა ოჯახს არ უმხელდა. შვილმკვდარი დედა გიორგი კავლელაშვილთან ერთად, მომხდარზე პასუხისმგებლობას მკვლელის მამასაც აკისრებს.

"კურიერი P.S." მკვლელობის ადგილზე მივიდა. ჩვენ მსჯავრდებულის მამასთან გასაუბრება შევძელით. ოთარ კავლელაშვილი მომხდარს ნარკოტიკულ თრობას უკავშირებს და მოკლულის ოჯახის ბრალდებებსაც პასუხობს.

მამა ნარკოტიკებს ახსენებს, მსჯავრდებული კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით თავის მართლებას ცდილობს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დაკავებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, შერაცხადი იყო და მას არც ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ადვოკატიც დაარწმუნა, რომ მკვლელობა ჰალუცინაციის ფონზე ჩაიდინა.

ბრალდების ამ ნაწილში მთავარი მოწმე გიორგი კავლელაშვილის ყოფილი მეუღლეა. "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუში ქალი ჰყვება, რომ მოძალადე ქმარს თავი წლების წინ დააღწია. მოწმე, ვადიანი სასჯელის შემთხვევაში, ყოფილი ქმრისგან საფრთხეს ელოდება.

„სადაც მკვლელობა მოხდა, იმ ოთახში ვცხოვრობდით მე და ჩემი შვილი...“ - რას ამბობს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი მეუღლე.

შვილმკვდარ დედას ახლა 2 საზრუნავი დარჩა - ობლად დარჩენილი შვილიშვილის აღზრდა და მისი შვილის მკვლელისთვის უვადო სასჯელი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, 6-თვის ვადაში გაირკვევა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×