რეზონანსი
08.04.2025

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია იმისთვის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური  პარტიები, რადგან, ფაქტობრივად,  ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს.

"რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია - არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური  პარტიები იმიტომ, რომ დღეს ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. არსებობს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამარგინალებულია და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენს პრობლემას, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ამ ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ახალ ოპოზიციურ ძალაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რაზე დაყრდნობით გაკეთდა მსგავსი განცხადება ცალკეული პირების მხრიდან.  

"არ  ვიცი აღნიშნული განცხადება საიდან გამომდინარე გაკეთდა, გამიჭირდება პასუხის გაცემა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩვეულებრივ მუშაობს. ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს სამშობლოს და მის ხვალინდელ დღეს", - აღნიშნა თბილისის მერმა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×