რეზონანსი
07.04.2025

სანამ ამერიკულ ფონდებს ახალმა ადმინისტრაციამ ცხვირი არ წაატეხა, იქამდე არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ ამერიკული ბიუჯეტიდან ეს ფონდები თანხას ხარჯავდნენ, როგორც შემდეგ ადმინისტრაციამ შეაფასა, თაღლითურად, თანხას ხარჯავდნენ სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად და იგივე სიტუაცია არის ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის სკანდალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ლობიზმი საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა.

„ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა ლობიზმისთვის. სხვა რამეს ხომ არ ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს არის კორუფციის ნაირსახეობა, როდესაც საჯარო თანხები გამოიყენება პოლიტიკური ვიწრო პარტიული თუ გარკვეული ვიწრო ჯგუფის ინტერესებში მყოფი, პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად. ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა საარჩევნო ღონისძიებები, მათ შორის შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საბოლოო, ასე ვთქვათ საჯარო აქცია ჩატარდა არა პარტიების მიერ, არამედ ევროკავშირიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ. 

ზუსტად ეს გახლავთ ლობიზმი, ეს გახლავთ კორუფცია და ეს გახლავთ უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, რასაც ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ ვხედავდით და ეს არის სწორედ ახლა რაც აღიარა თავად კომისიამ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ თანხები არა მიზნობრივად, ლობიზმისთვის იხარჯებოდა. მათ შორის სპეციფიურად იხარჯებოდა ოპონენტების გასაჩუმებლად, მათ დისკრედიტირებისთვის იხარჯებოდა, რომ არ გაეწიათ პოლიტიკური ოპონირება გარკვეული საკითხების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ახალ სკანდალში გაეხვა. ევროკომისიამ აღიარა რომ ენჯეოებს ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდა. ევროკავშირის სახსრები, რომლებიც „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“ მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო სამიზნე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×