რეზონანსი
04.04.2025

"არ ვიცი, ჩემი პოტენციური თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები აპირებენ თუ არა პროცესისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას, ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიების პოზიცია, გეგმავენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არათუ გამჟღავნებულია, არამედ მათი დამოკიდებულება "სიცხადესთან ახლოსაც კი არ არის". 

ნიკა მელია პირდაპირი ეთერიდან "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, მოცემულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირონ, რათა მიმდინარე პროცესებს "სიყალბის ელფერი" აღარ გასდევდეს.

"არის რამდენიმე საკითხი, რომელიც განხეთქილების ვაშლად იქცა და არის გამხლეჩი საკითხი დღეს საზოგადოებაში. ამ საკითხებთან დაკავშირებით გჭირდება მკაფიოობა, თუნდაც დარჩე შენს პოზიციაზე. სუბიექტებს შორის არის... არ მგონია, რომ ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები საზოგადოების წინაშე. ცოტა სიყალბის ელფერი გასდევს ამ პროცესს, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ვართ ჩართულები. მეც კი, ნიკა მელიამ არ ვიცი ჩემი პოტენციური, თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები აპირებენ პროცესისთვის ნებსით თუ უნებლიეთ ლეგიტიმაციის მინიჭებას შემოდგომაზე თუ არა. ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს.

არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და უხეში ვიყო. ჩვენ ვამბობთ და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფიც, რომ ჩვენთვის მიუღებელია ლეგიტიმაციის მინიჭება პროცესისთვის, რომელსაც ჰქვია ე.წ. არჩევნები. მაგრამ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლოსაც არ არიან სიცხადესთან და მკაფიოდ ამ პოზიციის დაფიქსირებასთან. მათ შორის, არც ქალბატონი ზურაბიშვილი. ზურაბიშვილის პოზიცია არ მომისმენია არჩევნებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება პრეტენზია მქონდეს დღეს, ვერ მექნება გახარიას პარტიასთან, რადგან ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამ საკითხში არ არის პოზიცია ერთიანი. ვინ გავა, არ გავა, ამას არ ვეხები. ნაწილი ამბობს და ამას გამორიცხავს, მეორე ნაწილი ამას არ გამორიცხავს. ყველა პოლიტიკური პარტიაა პოზიციაზე, მაშინ რატომ არ შეიძლება შენ ამასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებდე დღემდე" - განაცხადა ნიკა მელიამ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×