რეზონანსი
03.04.2025

 სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ:

სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;

⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას," - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×