რეზონანსი
03.04.2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

1. სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;

2. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;

3. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;

4. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;

5. ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×