
ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
იგი ამგვარად ეხმაურება ჩეხეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ".
„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა" მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს მხრიდან, ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.
სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ და ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს"
„ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად, განაგრძობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდო სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. მედია, როგორც მაკონტროლებელი, კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას.
დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობია. სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ - ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროების მიზნით, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება", - აღნიშნულია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.