
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) სამდივნოს აცნობა, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან. ონფორმაცია 31 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
„სომხურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა „ოდკბ" -ს სამდივნოს, რომ თავს იკავებს გადაწყვეტილების ხელმოწერისგან „ოდკბ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ", შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დეპარტამენტი ხაზგასმით ამბობს, რომ ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, ოდკბ -ს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა განიხილონ "სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი".
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსია. იგი წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ხელი მოეწერა 1992 წლის 15 მაისს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) წევრების რაოდენობა ექვსამდე შემცირდა და მოიცავს:ბელარუსს, რუსეთს, სომხეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
ორგანიზაციის ქარტიის მესამე მუხლის თანახმად, ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, მონაწილე სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ინტეგრაციისა და სუვერენიტეტის დაცვა.
საინტერესოა ისიც, რომ სომხეთის პარლამენტმა, 25 მარტს, ხმათა უმრავლესობით, საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ ,რომ, კანონი გამოხატავს პოლიტიკურ ნებას. ოპოზიციაში კი ამ რეზოლუციას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ სომხეთი უპერსპექტივო პროცესში შედის.
სომხეთის სტრატეგია - გახდება თუ არა სომხეთი დასავლეთის საყრდენი
ანალიტიკოსი მამუკა აარეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სომხეთის მთავარი მიზანი დასავლურ ვექტორზე გადახრაა.
„საქმე იმაშია, რომ სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას და იხრება დასავლურ ვექტორზე. აქედან გამომდინარე, წყვეტს კავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლების განმავლობაში გაერთიანებული იყო და სადაც დომინანტი რუსეთი იყო. მუშაობს ამ მხრივ, რომ გახდეს დასავლური ინტერესების გამტარებელი რეგიონში. თუნდაც კანონპროექტი რომ დაამტკიცეს ევროკავშირის კანდიდატის თაობაზე, ეს ამაზე მეტყველებს.
„რაც შეეხება საკითხს - გახდება თუ არა დასავლეთის მთავარი საყრდენი რეგიონში, ვფიქრობ, ერთ-ერთი საყრდენი გახდება, თუმცა, მთავარი ვერ გახდება, რადგან სომხეთი გარკვეულწილად გეოგრაფიულად იზოლაციურ მდგომარეობაშია მოქცეული. ასე რომ, მხოლოდ სომხეთი, როგორც საყრდენი რეგიონში, დასავლეთისთვის მომგებიანი ვერ იქნება, რადგან ფრონტის გაშლის საშუალება არ ექნება" - განაცხადა არეშიძემ
რუსეთის სავარაუდო რეაქცია
არეშიძის თქმით, სომხეთი ახლა სწორედ რუსეთის რეაქციას ელოდება.
„სომხეთი ახლა სწორედ რუსეთის რეაქციას ელოდება. დისტანცირების პროცესი თანმიმდევრულია - ნაბიჯ-ნაბიჯ; ეს არ არის ერთი ხელის მოსმით. სომხეთის ხელისუფლება ფრთხილად იქცევა, ცდილობს, მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება არ გამოიწვიოს და ისარგებლოს მომენტით, რომელიც ახლა არის საერთაშორისო ურთიერთობებში.
მოსკოვის რეაქცია სავარაუდოა და აუცილებლად იქნება. მოსკოვს შეუძლია სომხეთს ძალიან სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას. თუმცა, არის ერთი ნიუანსი - მოსკოვს არ აწყობს აზერბაიჯანის განსაკუთრებული გაძლიერება რეგიონში. აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად ის ორი ქვეყანაა, რომელიც ვითომ ინარჩუნებს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას.
აზერბაიჯანსა და რუსეთს გაფორმებულიც კი აქვთ შესაბამისი სამეგობრო დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში არ დაბრუნდეს, მაშინ, როცა რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ამ რეგიონში დაბრუნება.
კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ თუ სომხეთი რუსეთთან მკაფიო დისტანცირების პოლიტიკას გააგრძელებს ან კოლექტიური უსაფრთოების ორგანიზაციას დატოვებს, არეშიძე გვპასუხობს: „შესაძლებელია, რუსეთს სომხეთში გადატრიალების მცდელობა ჰქონდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთიის არმიის გენერლების დიდი უმრავლესობა, სამხედრო პირები, მოსკოვის სერიოზული გავლენის ქვეშ არიან. მათ უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი რუსეთში აქვთ დამთავრებული და, ასე ვთქვათ, შესაბამისი კავშირები რჩებათ რუს სამხედრო-პოლიტიკურ ელიტასთან. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, და ეს გადატრიალების ვარიანტიც არსებობს.
„გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალი ობიექტი, როგორც ენერგეტიკული, ისე სატრანსპორტო, რუსეთის საკუთრებაა. მაგალითად, რკინიგზა მთლიანად რუსეთის განკარგულებაშია. ასე რომ, რუსეთს ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეუძლია სომხეთს დიდი პრობლემები შეუქმნას. ამ პროცესს რუსეთი აუცილებლად დაიწყებს" - განაცხადა არეშიძემ.