რეზონანსი
31.03.2025

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ დღეს დაანონსებული მასშტაბური აქციის ფონზე, მიმდინარე პრესა ორ ნარატივს ავრცელებს: არ არსებობს ერთობა და საზოგადოებას არ აქვს გეგმა.

ოქრიაშვილი ორივე პუნქტს დეტალურად განმარტავს. ამბობს, რომ პოლიტიკური სპექტრისა და ერის გაერთიანება სამართლიან არჩევნებზე გადის. რაც შეეხება გეგმის არ არსებობას, ესეც არსწორია, რადგან ერთადერთი გეგმა სამუშაო პროცესში ანუ უწყვეტ პროტესტშია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორედ უწყვეტი პროტესტის შედეგად ჩაინიშნება საბოლოოდ, ახალი არჩევნები. 

დაე, გაიმარჯვოს იმ პარტიამ და ჯგუფმა, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს და ყველა დანარჩენმა მიულოცოს მას, - ამბობს პოლიტიკოსი. 

დღეს 31 მარტია და დაანონსებულია დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების 34-ე წლისთავთან. დილიდან მოყოლებული, მიმდინარე პრესა აჭრელებულია ორი გზავნილით: 1. არ არსებობს ერთობა. 2. ოპოზიციას და საზოგადოებას არ აქვს გეგმა.

გასაგებია, ვისაც აწყობს, ვის ნარატივებსაც ემსახურება და შესაბამისად, ვისი დაკვეთითაც ხდება ამ ორი გზავნილის გავრცელება. რაც შეეხება ერთობას, ანუ პირველ პუნქტს - ასეთი „ერთობა“ უკვე გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს და აღარ გვინდა.  

რეალური ერთობა ყალიბდება ერთადერთი გზით - პატიოსანი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, როცა ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული პარტია, საარჩევნო ციკლის შემდეგ, არის ერთიანი ქვეყნის წინსვლის მიზნის გარშემო. ეს ეხება ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მორიგ საარჩევნო ციკლამდე. ასე რომ, პოლიტიკური სპექტრისა და ერის გაერთიანება გადის სამართლიან არჩევნებზე.

მეორე პუნქტია - თითქოს, არ არსებობს გეგმა. როგორ არ არსებობს! სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა - ეს არის უწყვეტი პროტესტი აგერ უკვე 123-ე დღეს! არ იქნება პროტესტი, არ იქნება არჩევნები, უწყვეტი პროტესტის შედეგად კი არჩევნები გარდაუვალია. 

დიახ, გეგმა არსებობს და ეს გეგმაა უწყვეტი პროტესტი. 123 დღეა, ხალხი ქუჩაშია და ზუსტად ეს არის გეგმა! დარწმუნებული ვარ, ჩატარდება ახალი და სამართლიანი არჩევნები. დაე, გაიმარჯვოს იმ პარტიამ და ჯგუფმა, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს და ყველა დანარჩენმა მიულოცოს მას!, - წერს ოქრიაშვილი. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×