თამთა ჩაჩანიძე
30.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის 100-დღიანი გეგმა პრაქტიკულად ჩავარდა და შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის „აღდგომის ზავიც" არ იქნება. გეგმის ჩავარდნის პირდაპირი აღიარება იყო სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება - ტრამპის ადმინისტრაცია გარანტიას ვეღარ იძლევა, რომ ცეცხლი შეწყდება „ერთ კვირაში, ერთ თვეში", ან თუნდაც 100 დღეში. რუსები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება წელს, სავარაუდოდ, არ მოხდება.

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა შაბათს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას „წელს, ან ამ წლის ბოლოს" არ უნდა ველოდოთ.

კარასინის სიტყვებს გამოცემა „მოსქოუ ტაიმსი" ციტირებს. რუსი მომლაპარაკებლის შეფასებით, საუდის არაბეთში აშშ-სთან შეხვედრები „კონსტრუქციული"იყო. მისივე თქმით, „შესაძლებელია ამერიკულ დელეგაციასთან მუშაობა", რადგან მისი წარმომადგენლები „უსმენენ, აღიქვამენ და ეწინააღმდეგებიან მათ ზოგიერთ პოზიციას". კარასინი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები აშშ-სთან გაგრძელდება.

რაც შეეხება რუბიოს განცხადებას, სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არც ისე ადვილია, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც.

„ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას, რამდენი მცდელობაც ამას დასჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ შეთანხმება ერთ კვირაში ან თვეში იქნება. მე უბრალოდ ვერ დავასახელებ ვადებს, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია რუსებზე და უკრაინელებზეც. ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე ევროპაში, რომლებსაც აქვთ სანქციები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც საბოლოო შეთანხმების ნაწილი", - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, „ჩვენ ჯერ არ ვართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს და უნდა განისაზღვროს რა არის დამაბრკოლებელი მშვიდობისთვის". რუბიო ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ დაადგენს ე.წ. დედლაინებს და ვაშინგტონი ახლა პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევამდე ხელოვნური დროის შეზღუდვის გარეშე.

მიმომხილველები იმ სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ, თუ რატომ ვერ დგება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე.

რუსეთის ახალი პირობები

24 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ელ-რიადში გაიმართა აშშ-რუსეთის აუდიენციის მორიგი რაუნდი, შეხვედრის წინ ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ მთავარი მიზანი იყო შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა.

რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 23 მარტს, საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებაც.

აშშ-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგეგმებიდა ერთობლივი განცხადებაც, თუმცა ეს არ გაკეთდა და გარკვეული დეტალები მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მხარეებმა ცალკ-ცალკე გააკეთეს განცხადებები. ამის შემდეგ გაირკვა, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთმა ახალი პირობები წამოაყენა.

რუსულმა მხარემ მოითხოვა სანქციების ნაწილობრივ მოხსნა. მათ შორის სასანქციო შეზღუდვების მოხსნა „როსსელხოზბანკის" და რუსეთის სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის; ასევე სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა; სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებასა და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან სურსათით ვაჭრობაში; შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ საკითხს „შეისწავლიდნენ"და დაამატა, რომ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნას ეხება:

„ამერიკელი ოფიციალური პირები იმუშავებენ, რათა უკეთ გავიგოთ რუსეთის პოზიცია და ის, თუ რას ითხოვენ სანაცვლოდ. შემდეგ კი ამას პრეზიდენტს წარვუდგენთ და შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ".

მთლიანად ომზე დამოკიდებული რუსული ეკონომიკა

„უოლ სთრით ჯორნალი" წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სამწლიან პერიოდში სახელმწიფოს ძირითადი ხარჯები მიმართულია სამხედრო საჭიროებებზე და მხარს უჭერს რუსულ წარმოებას, რითიც ერთგვარად ანეიტრალებს დასავლეთის სანქციების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. შედეგად, რუსეთის ეკონომიკა ომზე დამოკიდებული გახდა და „სამშვიდობო შეთანხმება კრემლისთვის ეკონომიკურ რისკს წარმოადგენს".

ამავე წყაროს ცნობით, ეკონომისტების უმეტესობა რუსეთში ხანგრძლივ და ღრმა ეკონომიკურ ვარდნას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამის ნაცვლად 2023 წელს ქვეყნის მშპ მხოლოდ 1,4%-ით დაეცა, 2024 წელს კი 4,1%-ით გაიზარდა სწორედაც ომზე დამოკიდებული ეკონომიკის ხარჯზე. მაგრამ თუ მშვიდობა მიიღწევა, რუსეთის სამხედრო ხარჯების ნებისმიერი შემდგომი შემცირება, სავარაუდოდ, კრემლის ფინანსებში დატოვებს ხვრელს, რომლის შევსებაც რთული იქნება - ამბობენ ეკონომისტები.

„თუ სამხედრო ხარჯები შემცირდება, ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და დიდ იმედგაცრუებას რუსეთის ბევრ რეგიონში", - ამბობს იანის კლუგე, გერმანელი ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში.

ამავდროულად, „უოლ სთრით ჯორნალი" აღნიშნავს, რომ „რუსეთის ეკონომიკა, რა თქმა უნდა, სარგებელს მიიღებს ომის დასრულებიდანაც, ზოგიერთი სანქციების პოტენციური მოხსნის, სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ბიზნესის ნდობის გაზრდის წყალობით".

თუმცა, ეკონომისტების უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ სამხედრო ხარჯების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება მშვიდობიან პერიოდში ადვილი არ იქნება. წელს ფედერალური ბიუჯეტი თავდაცვისთვის გამოყოფს 13,5 ტრილიონ რუბლს, ანუ დაახლოებით 160 მილიარდ დოლარს, ანუ მშპ-ს 6%-ზე მეტს, რაც შედარებულია საბჭოთა ეპოქის პიკთან. რუსეთს მთელი ომის განმავლობაში ჰქონდა ბიუჯეტის დეფიციტი და მისი ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივების ორი მესამედი დაიხარჯა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. კომპანიებს, რომლებმაც დრო და ფული დახარჯეს ომის ეკონომიკაზე გადასვლაზე, ასევე დასჭირდებათ დრო, რათა დაუბრუნდნენ მშვიდობიანი პერიოდის ეკონომიკას.

შეთანხმება იშვიათ მინერალებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს განაცხადა, რომ „ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერდა, ხოლო 24 მარტს დაამატა, რომ უკრაინასთან შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. თუმცა, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური კიევისთვის შეთანხმების ახალი ვერსიაც მიუღებელია.

უკრაინული მედიის ცნობით, მასში საერთოდ არაა ნახსენები უსაფრთხოების გარანტიები უკრანისთვის, ხოლო შეთანხმება კი „პირდაპირი ძარცვაა".

ამასთან პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება დააბრკოლებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ეს მისთვის მისაღები და ქვეყნისთვის სახარბიელო არაა.

ამასთან, „ტაიმსი" წერს, რომ პუტინს ომი სჭირდება, რადგან მის პოპულარობას ომი ყოველთვის აძლიერებდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა საბოლოოდ მიხვდეს, რომ პუტინი არც კი არის დაინტერესებული უკრაინასთან ომის დასრულებით, ყოველ შემთხვევაში, სანამ ყველა მისი თავდაპირველი მიზანი არ იქნება მიღწეული. სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამით აიხსნება ის, რომ უკრაინასთან იშვიათ მინერალების შეთანხმებაში ჩაწერილია კიდევ უფრო „მტაცებლური მოთხოვნები", რაც ტრამპმა უკრაინას წაუყენა.

„მიუღებელი „შეთავაზება" კი არის ერთ-ერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა დაბრალდება უკრაინას და არა რუსეთს, ან თავად ტრამპს", - ნათქვამია გამოცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×