
მურმან კალანდია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელსაც პოლიციელი კობა კვიტანძე მართავდა ტროტუარზე მყოფ 24 წლის ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი ადგილიდან გარკვეულ მანძილზე მოისროლა. დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესი იყო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"თქვენ არ იცით, როგორ დამწყდა გული, რა საშინელებაა, რაც მოხდა. ყოველდღე ვკითხულობდი მის ამბავს და რადგან ამდენმა დღემ გაიარა, მეგონა, რომ გადარჩებოდა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული. თქვენ არ იცით, როგორი გულკეთილი ბიჭი იყო მურია, რა უსამართლო ყოფილა ეს ცხოვრება, არ ვიცი, როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა. არ ვიცი, როგორ შევძლებ მის სახლში მისვლას და სამძიმრის თქმას... გამძლეობა მის ოჯახს, მშობლებს, რომლებიც განადგურებულები არიან.
ახლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, უნდა გაეხარა ცხოვრებით, ოჯახი შექმნა, ძალიან კარგი გოგონა შეირთო ცოლად, შვილს ელოდებოდა, თავის პატარას უნდა ჩახუტებოდა და ასეთი თავზარდამცემი ამბავი მოხდა. თქვენ არ იცით, როგორი მშრომელი, დაუზარელი ახალგაზრდა იყო, როგორ ედგა ოჯახს მხარში და უცებ, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა.
არც გზაზე გადადიოდა, მოშორებით იყო და პოლიციელის გადაჭარბებულმა სიჩქარემ დაღუპა ოჯახი. ზოგი ამბობს მძღოლი მთვრალი იყოო, ზოგი ამბობს არ იყო მთვრალიო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, დიდი სიჩქარით მოძრაობდა და შეიწირა უდანაშაულო ბიჭი, ჩვენი მურმანი, რომელიც ყველას გვიყვარდა და ამ ამბავს ყველა განვიცდით.
როგორი იმედი მქონდა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ისე იყო დაშავებული, ძირითადად, თავი ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ ვეღარაფერი მოახერხეს ექიმებმა.
ვუსამძიმრებს ოჯახს და ყველას ვისაც სტკივა მისი გარდაცვალება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში მეზობელი.
კვირის პალიტრა