არსებულ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ საგანგაშო, აცხადებს სტატისტიკოსი - სოსო არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ახალი სტატისტიკის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, შობადობა კიდევ უფრო შემცირებულია.
„ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფით სიდიდეს წარმოადგენს - იბადება უფრო ნაკლები, ვიდრე გარდაიცვლება. თუ ამას დავამატებთ, რომ საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიგს, სადაც მაღალია ემიგრაციის მაჩვენებელი, მდგომარეობა უფრო დრამატულ ელფერს მიიღებს.
„დღეს, მეტნაკლებად, სიტუაცია დამაკმაყოფილებელია ბუნებრივი მატების მაჩვენებლის მიხედვით თბილისში (გასაგები მიზეზების გამო), აჭარასა და ქვემო ქართლში. დანარჩენ რეგიონებში რთული სიტუაციაა. თუმცა, დასახელებულ პოზიტიური მაჩვენებლების მქონე რეგიონებშიც არ არის ისეთი სიტუაცია, რომელიც დამშვიდების მიზეზს გვაძლევს."
არჩავაძემ ისაუბრა მიზეზებსა და ტენდეციაზე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემას ქმნის.
„ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, თუ რატომ არის ასეთი სიტუაცია. ერთ-ერთი არის მოსახლეობის ემიგრაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ - ახალგაზრდობის, შრომისუნარიანი ახალგაზრდების გადინება, განსაკუთრებით იმ თაობის წარმომადგენლების, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეუძლიათ შეიტანონ შობადობის მაჩვენებლის გაზრდაში. დაახლოებით 25-49 წლის ასაკის ქალთა 30%-ის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გასული და ამ პროცესებში არ მონაწილეობს.
მართალია, როცა საქართველოდან გასულები აჩენენ შვილებს და ქმნიან ოჯახებს, თუმცა მსოფლიო დემოგრაფიული სტატისტიკა ადასტურებს, რომ მიგრანტთა, სულ ცოტა, ნახევარი აღარ ბრუნდება ქვეყანაში და რჩება საზღვრებს მიღმა. მაგალითად, ცნობილი კინოვარსკვლავები დე ნირო და ალ პაჩინო წარმოშობით იტალიელები არიან, თუმცა ისინი ამერიკაში ცხოვრობენ."-განცხადა არჩვაძემ
„ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. გვჭირდება მოსახლეობის თვითშეგნება, რადგან მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება. ერთად უნდა მოხდეს ვითარების გაუმჯობესება, რეგიონების კულტივირება, პროპაგანდისტული დატვირთვის მიცემა სატელევიზიო გადაცემებისთვის, შოუებისთვის, სადაც აღნიშნული პრობლემა იქნება წამოჭრილი. ასევე, მეტი პოლიტიკით უნდა იყოს დატვირთული იმ ოჯახების საკითხი, სადაც მრავალშვილიანობაა.
„დიახ, არსებულ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ საგანგაშო. რა თქმა უნდა, არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი- „წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება". საქართველო მოსახლეობის სიმჭიდროვით ჩამორჩება მეზობლებს, და ჩვენ უნდა შევძლოთ დემოგრაფიული კატასტროფის აცილება, რაც საქართველოს დაემუქრება თუ ეს ტენდენცია წლების განმავლობაში შენარჩუნდა," - განაცხადა არჩვაძემ.
საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტითა შემცირებული.
2024 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 415 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (237 ბავშვი).
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7 პროცენტი, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5-იდან 29.0 პროცენტამდე.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5 პროცენტი. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა
2024 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.0 წლით განისაზღვრა.