
თურქეთის ოპოზიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, პროსამთავრობო კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „როიტერზი" ავრცელებს. ამასთან, თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, გასული კვირის ოთხშაბათს სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 879 ადამიანია დაჭერილი.
ოპოზიციამ მოუწოდა მომხრეებს, ბოიკოტი გამოუცხადონ მთავრობასთან დაკავშირებულ ჰოლდინგურ კომპანიებს, ყავის სავაჭრო ქსელებს და სატელევიზიო არხებს. აქტივისტებმა ამ მოთხოვნით აქცია სტამბოლში ყავის ერთ-ერთ მაღაზიასთან გამართეს.
„თურქმა ხალხმა შორს უნდა დაიჭიროს თავი ერდოღანისა და მისი თანამზრახველების კუთვნილი ინსტიტუტებისგან. არ დააფინანსოთ ერდოღანის მთავრობა", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
შს მინისტრის ცნობით, სასამართლომ 260 დაკავებული დააპატიმრა, 489 - გაათავისუფლეს, 662-ის სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
სელ, საპროტესტო აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.
სტამბოლში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანკარამ ევროპელ პარტნიორებს სთხოვა, „საღი აზრით" იმოქმედონ და დასძინა, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ ბრალდებების სიმძიმე მის დაპატიმრებას მოითხოვდა.
„ჩვენ არ გვინდა რომელიმე პოლიტიკოსის დაპატიმრება, მაგრამ თუ არსებობს დარღვევის მტკიცებულება, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს. თუკი გადავხედავთ ბრალდებების სიმძიმეს და იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულებების დამალვის რისკი, სასამართლომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა მინისტრმა.
თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას კორუფციის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.
სტამბოლის ოპოზიციის მიერ მართულმა მუნიციპალურმა საბჭომ აირჩია დროებითი მერი, რომელიც მართავს ქალაქს, ვიდრე ეკრემ იმამოღლუ დაპატიმრებულია. სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, ოპოზიციური პარტიის წევრი, ნური ასლანი 177 ხმით აირჩია.